საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია, რამდენიმე დღით, თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას დაეთმობა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის ინიციატივა თავად სახელმწიფოს მეთაურს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის და გამოფენა ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში 20-23 თებერვალს გაიმართება. მისივე განმარტებით, გამოფენის სახელწოდება იქნება „ხელოვნება მართავს", რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და „არტარეას" ერთობლივი პროექტია.
„20-23 თებერვალს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში განთავსდება თანამედროვე კონცეპტუალური არტის გამოფენა - „ხელოვნება მართავს". მისი იდეა ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტს, ამ ყველაფრის მხატვრული ხელმძღვანელი კი „არტარეაა". აღნიშნული გამოფენა და ის, რომ ეს ხდება პრეზიდენტის სასახლეში, ხაზს უსვამს თანამედროვე კონცეპტუალური არტის მნიშვნელობას, ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას და იმას, რომ 21-ე საუკუნეში კონცეპტუალური არტი არის ის, რაც მართავს სამყაროს. ქართველებს შეგვიძლია, ეს ვაჩვენოთ და ამისკენ მივმართოთ ნიჭი - რამდენიმე დღეში უკონტროლო შემოქმედება დაისადგურებს ამ სასახლეში", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ამასთან, რამიშვილის ინფორმაციით, გამოფენას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის. შემდეგ დღეებში გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში 50-მდე თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი და ინსტალაცია.