რუსეთი მზადაა უკრაინას ახალი დახმარების ტრანში 2 მილიარდი დოლარის ოდენობით ამ კვირაში წარმოუდგინოს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა.
მოსკოვმა დეკემბერში პირობა დადო კიევისთვის 15 მილიარდი დოლარი გადაეცა, რათა დახმარებოდა ქვეყნის დასუსტებულ ეკონომიკას, თუმცა, მას შემდეგ უკრაინამ მხოლოდ 3 მილიარდი მიიღო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ კრედიტს გაყინავს მანამდე, სანამ უკრაინაში ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება.
ახალმა საკრედიტო ტრანშმა შესაძლოა საგრძნობლად გაამყაროს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოზიციები ხისტი საპროტესტო მოძრაობის ფონზე.
თავის მხრივ ოპოზიცია აპირებს მიაღწიოს პარლამენტში კენჭისყრას 2004 წლის კონსტიტუციის დასაბრუნებლად, რაც იანუკოვიჩის ხელისუფლებას შეზღუდავს და შესაძლოა წინასწარი საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიტანოს.
ამ მიზნით, აქტივისტები კიევში უმაღლესი რადას შენობის წინ ახალ მასიურ აქციას ამზადებენ. თუმცა, პრეზიდენტის მხარდამჭერი პარლამენტარები უმრავლესობას შეადგენენ და სავარაუდოდ, გადალახავენ პრეზიდენტის ხელისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობას.