აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი ნუგზარ სურმანიძე; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე დემურ დიასამიძე დაესწრნენ. სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო სავოევოდოს ვიცე-მარშალით, რეგიონალური პარლამენტის წევრებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებით.
საპასუხო შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს 1 წლის წინ პოლონეთში გამართულ შეხვედრაზე დაგეგმილი საკითხების შესრულების შედეგები, გაცვალეს ინფორმაციები არსებული თანამშრომლობის შესახებ და დასახეს მომავალი წლის გეგმები. ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის განვითარებაში ხელშეწყობის პროექტებზე. ასევე განიხილეს 2014 წლის სამუშაო პროგრამა. მოეწყო დისკუსია, დამტკიცდა 2014 წლის პროგრამა.
შეხვედრა სხდომის ოქმის ხელმოწერით დასრულდა.
„სილეზიის ოლქში ჩვენ 2013 წლის დასაწყისში გვქონდა შეხვედრა და მაშინ დავგეგმეთ გარკვეული ღონისძიებები. დღეს ჩვენ გასული წლის შედეგები შევაჯამეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა განვახორციელეთ. ჩვენი ურთიერთობის ძირითადი მიმართულება არის ჯანდაცვა და ამ კუთხით ტურიზმის განვითარება. ასევე თანამშრომლობა კულტურაც. გადავდივართ სპორტის მიმართულებაზე. ჯანდაცვის კუთხით უკვე განხორციელდა ბათუმელი კარდიოლოგების გადამზადების პროგრამა. იწყება სპორტსმენთა და მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა. აქტიურად მოქმედებს ტურიზმის კუთხით დაგეგმილი პროექტები. წელს პოლონეთიდან ტურისტების რაოდენობა 10 ათასით გაიზარდა. დღევანდელ შეხვედრაზე დაიგეგმა 2014 წელი და 10 პუნქტიანი გეგმა შევიმუშავეთ, რომლის განხორციელება წლის ბოლომდე მოხდება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასასრულს.