ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან. 300-მდე მძღოლი შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის გია ლორიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. გაფიცულებს შორის ორი მძღოლი მეოთხე დღეა შიმშილობს.
გაფიცული მძღოლების მოთხოვნების განსახილველად 16:00 საათზე მძღოლების საკრებულოში ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ინტერფრაქციული ჯგუფი 18 წევრისგან დაკომპლექტდა. მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების საკითხს ბათუმის მერიის, საკრებულოს, პროფკავშირების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ.
მძღოლების პროტესტის თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გააკეთა. როგორც მან განმარტა, ინტერფრაქციულმა კომისიამ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხოლო საკითხის გადაწყვეტამდე მძღოლებმა მოქალაქეების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.
„არ მომწონს ეს სიტუაცია, რადგან ზარალდებიან ქალაქის მაცხოვრებლები. გადაადგილება ერთი კვირაა ჭირს. ვფიქრობ, რომ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება სწორია. მოთხოვნაც უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილება კომისიამ ობიექტურად უნდა მიიღოს. მანამდე, მძღოლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. თუ კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება მათთვის, შეუძლიათ ისევ გაფიცვის გზა აირჩიონ. მოთმინებაა საჭირო, მათი მოთხოვნები კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, მძღოლებმა კი თავის მხრივ, უნდა გააანალიზონ, რომ მოქალაქეები ზარალდებიან", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
მძღოლების გაფიცვის გამო, მეშვიდე დღეა ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები არ გადაადგილდებიან.