შპს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტთან“ დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც, კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.
2013 წლის დეკემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ დაფინანსების შესახებ. პროექტის განხორციელების დაწყების წინაპირობას, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ე.წ. „განსაკუთრებული შეთანხმების“ გაფორმება წარმოადგენს. „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განსახორციელებლად გამოყოფილი 22 მლნ ევროს განკარგვა „განსაკუთრებული შეთანხმების“ პირობების საფუძველზე მოხდება.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტის სამუშაო ვერსია და შეთანხმდნენ საბოლოო რედაქციაზე. განხილული იყო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა უფლება-მოვალეობები, პროექტის ბიუჯეტის განკარგვის ფორმები, პროექტის ცალკეული ფაზებისათვის რეალიზებისათვის აუცილებელი ვადები და სხვა საკითხები.
შეხვედრაზე, ასევე, დაიგეგმა 2014 წლის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელება. მომავალი წლიდან აღნიშნული კვლევის საფუძველზე ზემოთხსენებულ რეგიონებში დაიწყება ორი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა.