საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული პროექტი, "კულტურის ახალი პოლიტიკა რეგიონებში" და რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება დაწყებულია. სამინისტრომ კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურა სარგებლობაში გადასცა ფოთის ფოლკლორის ცენტრს, სადაც დროებით განთავსდა კინოთეატრი. პირველ კინოსეანსზე, 4 აგვისტოს, ადგილობრივმა მაყურებელმა სიმბოლურად ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი" იხილა.
ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის კულტურის ცენტრი. კისისხევში ახალი კინოთეატრი 1 აგვისტოს, ანიმაციური ფილმების ფესტივალთან "ექო თოფუზისთან" ერთად გაიხსნა. კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ანიმაციური ფესტივალი კახეთის პრემიერის შემდეგ 15 რეგიონს მოივლის და სექტემბრიდან გაგრძელდება.
ანიმაციური ფილმების ამავე ფესტივალით "ექო თოფუზით" გაიხსნა 18 ივლისს კინოდარბაზი გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, თანამედროვე კინოაპარატურით აღიჭურვა ასევე, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მიმართულების "კულტურის ახალი პოლიტიკა რეგიონებში" მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნა და აღდგენა; ახალგაზრდებისთვის თავშეყრის, ცოცხალი დიალოგის, ხელოვანებთან შეხვედრების, კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებისთვის საჭირო გარემოს შექმნა.