საბავშვო ბაღებში დაგეგმილი პროექტები და სიახლეები თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 16-ე ბაღში შეკრებილ დირექტორებსა და პედაგოგებს გააცნო. პროექტების განხორციელებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტში 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 8 მლნ. ლარი სასწავლო ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ. ლარი შენობების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
"მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში არსებული ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით 200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ყოფილი საუწყებო ბაღების გადმოცემის პროცესი, რომლებიც ამჟამად არ ფუნქციონირებენ და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებენ. თითოეული მათგანი თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით კეთილმოეწყობა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება." -აცხადებენ მერიაში.