განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი მატჩი გაიმართა და ოთხივეში სტუმრებმა გაიმარჯვეს, თან როგორ: 9 გოლი გაიტანეს და თავად კარი მშრალად შეინახეს.
„მილანი" - „ატლეტიკო"-ს დაპირისპირებაში გუნდების ამჟამინდელი სპორტული ფორმის გათვალისწინებით, ესპანელთა გამარჯვება ლოგიკურიც მოსჩანს, მაგრამ იტალიური გრანდი საკუთარ „სანე სიროზე" ასეთი უკბილო თუ იქნებოდა არ მეგონა. დიდად არც „ატლეტიკო" აწუხებდა მასპინძელთა კარს, თუმცა საგოლე სიტუაცია შეექმნა თუ არა მაშინვე გამოიყენა და, რა თქმა უნდა, ეს დიეგო კოსტამ გააკეთა.
მილანელთა ახალგამომცხვარ მწვრთნელს კლარენს ზეედორფს, სავარაუდოდ, პირველი ფიასკოს გადატანა მოუწევს.
ლონდონში, ყველა ელოდა „ბაიერნის" დომინაციას და ასეც მოხდა. გენიალურ ტაქტიკოსს, არსენ ვენგერს, გეგმები იტალიელმა მსაჯმა რიცოლიმ აურია, როცა 37-ე წუთზე მეკარე შტიასნი გაუგდო, მართლია ალაბამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ამ ფორმაციის გერმანული გუნდის გაძლება 11-კაციან გუნდებს უჭირთ და კაცნაკლულმა „არსენალაც" ბოლოსკენ დათმო და ორი უპასუხო გოლი გაუშვა.
საპასუხო შეხვედრებამდე უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ აქამდე სტუმრებმა და ახლა უკვე მასპინძლებმა პრაქტიკულად გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.