სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაახლოებით 30-ზე მეტი ებრაული თემის წარმომადგენელი სულიერი ლიდერები, მათ შორის რაბინები ესწრებოდნენ. პატრიარქი მათ ებრაელთა და ქართველთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ როგორია პატრიარქის შეხედულება მეცნიერებისა და რწმენის შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ რწმენა და მეცნიერება ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება.
უწმინდესის თქმით, უმთავრესი არის რწმენა, შემდეგ მეცნიერება და რომ რწმენის მქონე მეცნიერი ღმერთის მეგობარია.
კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე მყოფ ამერიკიდან და კანადიდან ჩამოსულ ებრაელებს საკუთარი საგალობლები მოასმენინა. ასევე საჩუქრად გადასცა დისკები და წიგნი "საქართველოს ბუნება". თავის მხრივ, ებრაელმა რაბინებმა პატრიარქს საჩუქარი გადასცეს.
როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაციის თავმჯდომარემ რაბინმა სტიუარტ ვეინბლატმა განაცხადა, ისინი საქართველოში უკვე ოთხი დღეა იმყოფებიან და დღეს დატოვებენ თბილისს. მანამდე იმყოფებოდნენ გორში. ასევე თბილისში შეხვდნენ ებრაული თემის წარმომადგენლებს. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა და მოხიბლული არის ასევე საქართველოს ბუნებით.
ჩრდილოეთ ამერიკის ებრაელთა ფედერაცია ეხმარება ებრაელებს და არაებრაელებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და ძირითადად მათთვის სოციალური სერვისების მომსახურების გაწევით არის დაკავებული.