ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოში ტურისტებისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ინფორმაციით, ნომერზე - 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, გადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში, მათ მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ. ოპერატორები საწყის ეტაპზე მსურველებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე მოემსახურებიან. მომავალში დაემატება სხვა ენებიც.ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ, ყოველ ტურისტს საზღვარზე შემოსვლისთანავე მიეწოდება.
მომავალში იგეგმება პროფილის გაზრდა, რის ფარგლებშიც სექტემბრიდან ამუშავდება "რეკლამაციის სამსახური", სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა განაცხადონ თავიანთი პოზიტიური თუ ნეგატიური შეხედულებების შესახებ, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება.
„ამ დრომდე ინდივიდუალურ მოგზაურებს, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში შეეძლოთ, რომელთა სამუშაო საათები განისაზღვრება მხოლოდ დღის საათებში, ახალი ცხელი ხაზის საშუალებით, მსურველებს ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ, ამ ინიციატივით ვეცადეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გაგვეხადა საქართველოში მოგზაურობა", -_ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.