რუს ტელერეპორტიორებთან ერთად, ლაბორატორიაში რამდენიმე ქართული მედიასაშუალებაც დაუშვეს, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევებსა და საცავებს გაეცნენ. ტელეკომპანია "რასიას" რეპორტიორის, ალექსანდრე რაგატკინის თქმით, ნანახითა და მის მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით აღფრთოვანებულია.
„თქვენ იცით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აშშ-ის დაფინანსებით ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ თხოვნა გამოვგზავნეთ ამ ლაბორატორიიის ხელმძღვანელობასთან რეპორტაჟის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენდა გასაკვირად გვითხრეს, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, ჩვენი თავლით გვენახა, რომ აქ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. ასევე, გავცნობოდით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს აქ. რუსეთის საგარეო სამინისტროს შეშფოთების საფუძველი არ აქვს, რადგან აქ არანაირი ბიოლოგიური იარაღი არ მზადდება. ჩვენ ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ ყველა კითხვაზე გულღია პასუხები გაგვცა. ასევე, ქართული მხარისგან პასუხები მივიღეთ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს მიერ დასმულ კითხვებზეც. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ნანახით",-განაცხადა ალექსანდრე რაგატკინმა.
ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ და ლაბორატორიის თანამშრომლებმა გააცნეს.
ლაბორატორიაში უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკით ხდება მავნე და განსაკუთრებით საშიში დაავადებებების ბაქტერიებისა და შტამების შესწავლა-ანალიზი. საკვლევი ნიმუშები სპეციალურ ოთახში, სამაცივრო კონტეინერებში მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ბაქტერიების გარემოში მოხვედრას და გარემოს დაინფიცირებას.