მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ორი პროგრამის ჯამში მან 147,15 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა დღეს თავისუფალი პროგრამა შეასრულა და მსაჯებისგან 92,45 ქულა მოაგროვა. ელენემ პროგრამულ სეგმენტში 53,60 ქულა მიიღო, ხოლო ტექნიკურ კომპონენტებში - მხოლოდ 39,85. თავისუფალი პროგრამის 24 მონაწილეს შორის ეს მეოცე შედეგი აღმოჩნდა.
19 თებერვალს კი ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში მე-17 შედეგი აჩვენა.
სოჭის ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში გამარჯვებული რუსი ადელინა სოტნიკოვა გახდა (224,59). მეორე ადგილზე სამხრეთკორეელი იონა კიმი გავიდა (219,11), მესამე ადგილს კი იტალიელი კაროლინა კოსტნერი დასჯერდა (216.73).
ქართველი სპორტსმენები სოჭში გამოსვლას აგრძელებენ. 21 თებერვალს სლალომში ძალებს ნინო წიკლაური ცდის (49-ე ადგილი გიგანტურ სლალომში), 22 თებერვალს კი სლალომში ალექსანდრე ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი გამოვლენ.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)