ბეთანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არქიმანდრიტი იოანე მაისურაძის და არქიმანდრიტი გიორგი (იოანე) მხეიძის წმინდა ნაწილების აღმოყვანება პატრიარქმა ილია მეორემ დიდ სასწაულად შეაფასა.
"ღმეთმა მოგვასწრო კიდევ ერთ დიდ სასწაულს. დღეს შედგა აღმოყვანება წმინდა ნაწილთა არქიმანდრიტ იოანესი და არქიმანდრიტ გიორგი (იოანეს) მხეიძის. დღეს, როდესაც მოვდიოდით და შემოვუხვიეთ ბეთანიისკენ, ჩვენ ვიგრძენით, რომ მთელი გარემო, ტყე სავსეა სურნელებით, საკმევლის სურნელებას მოიცავდა მთელი გარემო. ეს კიდევ უდიდესი სასწაულია, რომელიც ამტკიცებს მათ სიწმინდეს და ჩვენ შევთხოვთ უფალს, მათი ლოცვით ღმერთმა მოგვანიჭოს მშვიდობა, მთლიანობა, ერთსულოვნება, შეწყნარება, შენდობის უნარი მოგვცეს უფალმა. ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ერთ-ერთ მათგანს, არქიმანდრიტ იოანე მხეიძეს. მე ვიყავი სასულიერო სემინარიის სტუდენტი, როდესაც ჩავედი მცხეთაში და მცხეთაში ბრძანდებოდა არქიმანდრიტი იოანე. მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე. მკითხა, შენ ვინ ხარო?. მე ვუთახარი, რომ სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი. მან ტირილი დაიწყო. მას აღარ ეგონა, რომ ვინმე ახალგაზრდა იყო, რომელიც სასულიერო გზას შეუდგებოდა. ეს იყო საოცარი შეხვედრა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, "მათი ლოცვებით ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაგვიფაროს ნებსითი და უნებლიე ცოდვებისგან, შეგვარიგოს ერთმანეთს და მოგვცეს გული ლმობიერი და მოწყალე".
პარაკლისის დროს ტაძარში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმყოფებოდა.
ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. ღირსი მამა იოანე ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.