ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც მინისტრი გურამ ოდიშარია უძღვებოდა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა - პოეტებმა, მწერლებმა, მთარგმნელებმა და ლიტერატორებმა იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია, ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა და ასევე, რა პერიოდულობით უნდა გაიცეს აღნიშნული პრემია.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრემიის დაწესებამდე ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი ჩამოყალიბდება, მეტი საჯაროობისათვის გაიმართება მსგავსი სახის მრავალი შეხვედრა, მუშაობის პროცესში კი გათვალისწინებული იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების აქამდე არსებული გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების მინიჭების წესები.