საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მამა გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, მომლოცველებს დამატებით ინფორმაციას აწვდის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მამა გაბრიელის ნეშტს შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე გამოაბრძანებენ. სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში კი პარაკლისს პატრიარქი გადაიხდის.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. 14:00 საათიდან მომლოცველებს წმინდანისთვის პატივის მიგების საშუალება მიეცემათ.
სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას პატრიარქი 19:00 დაიწყებს. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)