reportiori.ge - დღეს ქართველი პოეტის - მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:47
კულტურა
დღეს ქართველი პოეტის - მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა
22 თებერვალი, 2014. 22:18

დღეს ქართველი პოეტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის, მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა.


მიხეილ ქვლივიძე  1925 წლის 22 თებერვალს დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1941 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმ დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდნენ: შალვა ნუცუბიძე, ნიკო ბერძენიშვილი, მოსე გოგიბერიძე და კოტე ბაქრაძე. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი ამ ფაკულტეტზე სულ ორი წელი სწავლობდა, თავის იქაურ მასწავლებლებს სიცოცხლის ბოლომდე იხსენებდა და ემადლიერებოდა, განსაკუთრებით კი კოტე ბაქრაძეს, რომელზედაც არაერთხელ უთქვამს: ,,იგი ლექტორი კი არა, მოძღვარი იყო, ის ჩვენ აზროვნებას გვასწავლიდაო".


უნივერსიტეტში მიხეილ ქვლივიძე ორი წელი - 1941-1943 წ.წ. - სწავლობდა და სტალინის სტიპენდიანტი იყო. ამის მიუხედავად, იგი მეორე კურსის შემდეგ შრომითი მობილიზაციით საავიაციო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო. შემდეგ კი ყველაფერს ხატვის სიყვარულმა სძლია და 1944 წელს, სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.


ამავე პერიოდში, პოეზიით გატაცებული ახალგაზრდა პოეტ სიმონ ჩიქოვანს შეხვდა. მოგვიანებით სწორედ სიმონ ჩიქოვანის მეშვეობით დაიბეჭდა მიხეილ ქვლივიძის პირველი ლექსი და გამოქვეყნდა პირველი კრებული, მწერალთა კავშირშიც მისი რეკომენდაციით მიიღეს: 1947 წლის 16 იანვარს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1952 წლის 12 ივნისს მწერალთა კავშირის წევრი გახდა. მათი ურთიერთობა სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა.


1951-1954 წლებში მიხეილ ქვლივიძე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი გახდა. მან, შალვა ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაიწყო სადისერტაციო თემაზე: ,,ქართული საბჭოთა გრაფიკა'', ასპირანტურაში სწავლის მესამე წელს კი, თემა შეცვალა: ,,ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის''. დისერტაცია არ დაიცვა, თუმცა მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.


მოსკოვში გადასვლიდან მალე, 1954 წელს მიხეილ ქვლივიძე საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა (1954-1959 წ.წ.) და  მისი ცხოვრების ,,მოსკოვური პერიოდი'' დაიწყო.


1958 წელს, სსრკ-ის დედაქალაქში, საქართველოს ლიტერატურული დეკადა ჩატარდა. პოეტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის ორგანიზებაში და დასკვნით საღამოზე თავისი ლექსი ,,უშბა'' ( თარგმ. ნ.ზაბოლოცკისა) წაიკითხა. მსმენელი აღფრთოვანებული შეხვდა ახალგაზრდა პოეტს, საკავშირო კულტურის მინისტრმა კი ქვლივიძე ,,საპატიო ნიშნის'' ორდენით დააჯილდოვა.


1962-1966 წლებში, მიხეილ ქვლივიძე, ერთადერთი ქართველი პოეტი, ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში იგი რედაქტორად მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში "Советский писатель''. ამ პერიოდის მისი ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ლექსებით არ შემოიფარგლებოდა, იგი წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, თარგმნიდა პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა ,,ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია'', ხოლო უნგრეთში - ,,თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია''. 1970-1971 წლებში მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა მედლებით პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის.


1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ,,მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ერთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში'', რუსული რედაქციის გამგედ. კოლეგიის შექმნის იდეა ოთარ ნოდიას ეკუთვნოდა. ეს იყო უნიკალური ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ქართულ კულტურას ეცნობოდნენ. მთარგმნელობითი საქმიანობა ქვლივიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მან არაერთი პიესა თარგმნა, რომელიც წარმატებით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში.


გარდა ამისა, პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში კინოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის'' სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი''. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი ფილმები: ,,ნატვრის ხე'', ,,მონანიება'', ,,უძინართა მზე'', ,,იავნანა'' და სხვა.


1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე  საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის.


რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პოეტი 1951 წელს დაოჯახდა, ცოლად შეირთო ლილი გრომეკო. 1952 წელს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედის სახელი - თამარი - დაარქვა. 1954 წელს ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი - ნატა - შეეძინათ.

პოეტს მეუღლე 1980 წელს გარდაეცვალა, 1982 წელს კი მეორედ დაქორწინდა, 1984 წელს  ვაჟიშვილი - გიორგი - შეეძინა.


მიხეილ ქვლივიძე  2005 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016