ქართველმა მორაგბეებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრები დაამარცხეს საჭირო ანგარიშით. ინგლისის საგზური მოპოვებულია, ახლა პრესტიჟის მატჩების მოგებაა საჭირო და ინგლისის ჩემპიონატზე სასურველ ქვეჯგუფში მოვხვდებით.
მატჩი ჩვენთვის არასასურველად დაიწყო: ჯერ იყო და კვირიკაშვილმა ჩათვლის მოედანთან მიტანილი ბურთი ვერ დაამიწა, მერე ბურთის ამოტანის მცდელობისას, რუსთა ყველაზე გამოცდილმა კუშნარიოვმა დაუფარა და ლელოც დაგვიდეს. უნდა ვაღიაროთ, პირველ ტაიმში, მოწინააღმდეგე გვარიან წინააღმდეგობას გვიწევდა და ცოტა გვანერვიულა კიდეც, მაგრამ როგორც აღვნიშნე- „ცოტა“. მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჩვენმა მორკინალებმა პირდაპირ წალეკეს რუსები, ფლაგებზე გარემარბებმა გაილაღეს, დაცვა მაგრად დადგა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ-36:10.
ბორჯღალოსნებს ორი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი: გასვლაზე ესპანეთთან და შინ რუმინეთთან. წარმატების შემთხვევაში ერთა თასსაც დაეუფლებიან და ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე სასურველ ჯგუფში მოხვდებიან.