გაგრძელება. დასაწყისი გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: როგორ კლავდნენ სტალინს
ჭორებს, რომ სტალინი მოკლეს, ახლა უკვე დოკუმენტური მტკიცებულება გააჩნია. სავარაუდოდ, ბელადი ბუნებრივი, ორგანული წარმოშობის შხამით მოწამლეს. თანამედროვე სპეციალისტების შეფასებით, ასეთი ხასიათის მომწამლავ ნივთიერებას შეიცავს გველის, ობობასა და მორიელის შხამები, ასევე გვხვდება სხვადასხვა მცენარესა და ბაქტერიებში. ისინი სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პროცესს არღვევენ, აზიანებენ ლიმფურ ჯირკვლებს, თვალებსა და თავის ტვინს.
მოძიებული დოკუმენტები სტალინის ორგანიზმში შხამის არსებობას ადასტურებს, თუმცა ზუსტი შემადგენლობა და წარმომავლობა ამ დოკუმენტებით ვერ დგინდება. ეტყობა, როდესაც ბელადის სისხლის ანალიზი კეთდებოდა, ექიმებს ამის ნებართვა და მით უმეტეს მითითება არ ჰქონიათ და ძალიანაც რომ მოენდომებიათ, ვერ მიიღებდნენ. თუმცა ორგანიზმში შხამის არსებობა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს!
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სისხლის, შარდისა და ამონაღების ანალიზის შედეგები... სისხლისა და შარდის პირველი ანალიზი, რომელმაც ექიმები შოკში ჩააგდო, 1953 წლის 5 მარტის გამთენიისას მიიღეს, ანუ მაშინ, როცა რამის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო.
1953 წლის 5. 03. „№ 14966 სისხლის ანალიზი. ნეიტროფილები – 85 %“. ნეიტროფილების რაოდენობის ზრდა (ნორმა 55-68 %), ორგანიზმში ტოქსიკური შხამების არსებობის მთავარი მაჩვენებელია. სწორედ ისინი შთანთქავენ ბუნებრივ, ბაქტერიულ, მცენარეულ ან ცხოველური წარმოშობის ტოქსინებს. ეს მაჩვენებელი ბლანკზე მსხვილი ლურჯი ფანქრით არის ხაზგასმული.
ბირთვული ჩხირები – 18 % (ნორმა 2-5 %) ამ მაჩვენებელსაც ლურჯი ხაზი აქვს გასმული.
ხელს აწერს ლაბორანტი ვინოგრადოვა.
სწორედ ამ ანალიზებმა შეაშფოთეს სტალინის მკურნალი ექიმები. ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავებით, მათ კარგად უწყოდნენ რისი მაჩვენებელი იყო ეს ციფრები, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო (ზუსტად ამის იმედი ჰქონდა ბერიას!). ისინი მიხვდნენ, რომ ბელადი იმგვარად მოწამლეს, რომ პირველადი მიზეზი (ანუ მოწამლვა) მაშინვე არ გამოჩენილიყო და ტვინში სისხლის ჩაქცევის ილუზია შექმნილიყო – კონსილიუმის წევრებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედეს. დატოვეს მხოლოდ (ყოველი შემთხვევისთვის) არაკომპეტენტური ადამიანებისთვის არაფრისმთქმელი ჩანაწერი „ლეიკოციტებში მარცვლოვანი ტოქსიკურობა“, რომელიც მაშინ ქაღალდებში „გაიბნა“ და ოფიციალურ დოკუმენტებში არ მოხვდა.
მედიკოსებს ესმოდათ: თუ იტყოდნენ რომ სტალინი მოწამლულია, ბერია მათ მაშინვე დააპატიმრებდა, რადგან მთელი ამ დღეების მანძილზე ინსულტსა და ჰიპერტონიას მკურნალობდნენ (ანუ ავადობას და არა მიზეზს!), წამების პროცესში კი უკვე რასაც გნებავთ იმას აღიარებდნენ.
კრემლის სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს ცენტრალური კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ანალიზების სისწორე ბელადის გვამის გაკვეთამაც დაადასტურა.
ანალიზისთვის გაგზავნილ მასალაზე სტალინის სახელი ნახსენები არ არის, მიმართვა იწერებოდა ბელადის დაცვის უფროსის ი.ვ. ხრუსტალიოვის გვარზე. გამოდის, რომ ხრუსტალიოვმა სხვაზე მეტი იცოდა? თუ რა თქმა უნდა ბერიას არ მივიღებთ მხედველობაში... არსებობს ლამის ოფიციალურად მიღებული ვერსია, რომ სტალინი ნორმალურ მდგომარეობაში უკანასკნელმა სწორედ ხრუსტალიოვმა ნახა. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რამ მოკლა ხარივით ჯანმრთელი ხრუსტალიოვი, სტალინის დაკრძალვიდან ორ კვირაში?
ხრუსტალიოვის ერთი თანამშრომელი ი. ს. სოლოვიოვი იხსენებს, რომ სტალინის გარდაცვალებისთანავე დაცვის უფროსი დააპატიმრეს, 10 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა...
სტალინის გვამის გაკვეთა დაიწყო 6 მარტის დილის ოთხ საათზე და 13 საათამდე გაგრძელდა, ანუ ოფიციალურად დაფიქსირებული გარდაცვალების დროიდან 6 საათისა და 10 წუთის შემდეგ. გაკვეთისას კომისიამ შეადგინა „იოსებ ვისარიონოვიჩ სტალინის სხეულის პათოლოგ-ანატომიური კვლევის აქტი“. კომისიაში შედიოდა 19 ადამიანი. გაუგებარი მიზეზების გამო აქტს ხელს აწერს მხოლოდ 11 მათგანი! თუ იმის გაგება კიდევ შეიძლება, რატომ არ მოაწერა ხელი ბალზამირების 6-მა სპეციალისტმა, სრულიად სხვა აზრზე გვაყენებს 2 მკურნალი ექიმის (კონოვალოვი და ევდოკიმოვი) ხელმოწერის არარსებობა.
გაკვეთის სენსაციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ოფიციალურად და სახალხოდ გამოცხადებული „ფილტვებში ანთებითი კერების“ არსებობა არ დადასტურდა, სამაგიეროდ აჩვენა კუჭ-ნაწლავის ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ძლიერი მოწამლვის დროს არის შესაძლებელი და სწორედ ამით აიხსნებოდა სისხლში ლეიკოციტების არანორმალური რაოდენობა (21000!).
ხალხს, ეს, დაუმალეს მაშინ... და ოფიციალური ინსტანციები ახლაც მალავენ, ვითომ და „ეს სტალინის ოჯახის პირადი საიდუმლოა და მისი გამხელა მომხდარიდან მხოლოდ 75 წლის შემდეგ შეიძლება“-ო. თუმცა ეს არა ბელადის ოჯახის საიდუმლოს დასაცავად, არამედ სტალინის სიკვდილის რეალური მიზეზების დასაფარავად გაკეთდა და კეთდება.
პათოლოგანატომების ასეთი დასკვნის საფუძველზე ნორმალურ ქვეყანაში გაკვეთის შედეგების გამოცხადებისთანავე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
ექიმების დასკვნაში წერია, რომ კოლაფსის მიზეზი „კუჭში სისხლდენამ“ გამოიწვია, ანუ ყველაფერი კუჭიდან და იქ მოხვედრილი შხამიდან დაიწყო. ექიმებმა დასკვნა რამდენჯერმე გადაწერეს, სანამ ამ ფაქტის აღიარებას „გაბედავდნენ“, მეოთხე და საბოლოო, 1953 წლის ივლისის ვარიანტს უკვე ყველამ მოაწერა ხელი.
„მე თქვენ სტალინისგან გიხსენით!“
რატომ დაუბრუნდნენ ამ „მტკივნეულ საკითხს“ 1953 წლის ივლისში? იმიტომ, რომ ივნისის ბოლოს დააპატიმრეს ბერია, რომელმაც მაისის დღესასწაულებზე პირდაპირ გამოუცხადა მოლოტოვს, რომ სწორედ მან გადაარჩინა ყველა სტალინისგან!..
თავიდან ეტყობა გადაწყვიტეს ბელადის მოწამლვის ფაქტი „მისი ავადმყოფობის ისტორიაში“ დაეფიქსირებინათ, მაგრამ მერე პარტიულმა ელიტამ ეს ნაბიჯი სარისკოდ მიიჩნია, რადგან ამას მოჰყვებოდა გამოძიება, რომელიც დაადასტურებდა: სტალინი ჯერაც ცოცხალი იყო (3 მარტს), როცა მის ადგილზე მალენკოვი დაინიშნა... ანუ წინასწარ იყო ცნობილი, რომ ბელადი ვერ გადარჩებოდა.
ბუნებრივია, სახელმწიფოს პირველ პირს, მალენკოვს, მოვლენათა მსგავსი განვითარება და სტალინის მოწამლვის ფაქტის გახმაურება არ აწყობდა. ამაში მას სხვებიც ეთანხმებოდნენ, რომლებმაც დიდ-დიდი თანამდებობები ჩამოირიგეს. ამიტომაც ექიმთა ივლისის დასკვნაში ჯერ ჩაიწერა შემდეგ კი წაიშალა სიკვდილის უმთავრესი მიზეზი. ანუ: „განმეორებითი კოლაფსი გამოიწვია კუჭში მიმდინარე სისხლდენამ, რამაც საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვია“. მრავალჯერ გადაწერილ-გადაჩხაპნილი საექიმო დასკვნა იმის მიმანიშნებელია, რომ ექიმებს ბოლომდე ვერ გაერკვიათ, როგორ გამოსულიყვნენ სიტუაციიდან, ალბათ ამიტომაც ივლისის დასკვნას არც ერთმა ექიმმა ხელი არ მოაწერა. როდის მოაწერა ყველა ექიმმა ხელი მეოთხე (ნეიტრალურ) ვარიანტს, დღემდე უცნობია, ალბათ ამიტომაც აგორდა ჭორი, რომ ავადმყოფობის მე-4-ე ისტორია ფალისიფიცირებულია.
წიგნის დასრულებიდან ორი წლის მერე, ისევ მოვინდომე საარქივო დოკუმენტების გადათვალიერება, მაგრამ გამომიცხადეს, რომ ისინი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა დამაიმედეს, ალბათ, ოდესმე ყველაფერი გაირკვევაო.
ნიკოლაი ნადი
(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)