დასრულდა სოჭის ზამთრის ოლიმპიადა. სპორტული სამყარო უკვე დღეიდან მომავალი, სამხრეთ კორეაში გასამართი ფორუმისთვის ემზადება და პარალელურად „წიწილებს ითვლის“; ოქროსა და მედლების საერთო რაოდენობით რუსებმა ყველას აჯობეს: 13 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო და ჯამში 33. ბოლოწლების წარუმატებლობების ფონზე ეს მათთვის ისტორიული შედეგია; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთხი ოქროს მედალი ნატურალიზირებულმა სპორტსმენებმა კორეელმა ანმა და ამერიკელმა უაილდმა მოიპოვეს, ყველაზე ტრიუმფალური კი, ბოლო დღეს, თხილამურებით 50 კმ-იანი მარათონი გამოდგა, სადაც მთელი კვარცხლბეკი რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გასულმა ნორვეგიელებმა ერთი მედლითა და ერთი ოქროთი აჯობეს კანადელებს, 28 მედლის მომპოვებელმა ამერიკელებმა კი ოქროს ნაკლებობის გამო მეოთხე ადგილი იმყოფინეს.
ქართველ სპორტსმენთა გამოსვლაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან სათქმელიც არაფერია. მინდა ორიოდ სიტყვა ოლიმპიადის ორგანიზაციაზე მოგახსენოთ. გახსნის და დახურვის ცერემონიალი აქამდე ჩემს მიერ ნანახს თუ არ სჯობდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა, ტურნირის მსვლელობას უცხოური (არა მარტო რუსული) საიტების მეშვეობით ვადევნებდი თვალს; სხვათა შორის, ყველა წერდა კარგად მომზადებულ ტრასებსა და სპორტსმენ-მწვრთნელთათვის შექმნილ კომფორტულ გარემოზე. ამის ფონზე, ცოტა გამაკვირვა ქართველი ჟურნალისტების რეპორტაჟებმა, სადაც ძირითადად არა ოლიმპიადის სპორტულ მხარეზე, არამედ მასპინძელთა კრიტიკასა და ორგანიზატორთა ლაფსუსებზე იყო საუბარი. ოლიმპიადა გრანდიოზული ღონისძიებაა და ხარვეზები უდავოდ იქნებოდა (წინა ოლიმპიადებზე არ იყო?), მაგრამ აქცენტის მხოლოდ ამაზე გაკეთება უმართებულო მგონია. რუსთა აპოლოგეტი კომუნისტების პერიოდში არ ვყოფილვარ და ახლა, მით უმეტეს რა მრჯის; თუმცა, მგონია, უმჯობესი იქნებოდა ბელორუსი დომრაჩოვას მოულოდნელ წარმატებაზე, უკრაინელ ბიატლონისტ გოგონათა გმირობაზე, ნორვეგიელი ბიორნდალენისა და ტურა ბერგერის უნიკალურ მიღწევებზე გვესაუბრა, თორემ ზამთრის სპორტული სახეობების მხოლოდ ქართულად მკითხველი ქომაგებისთვის ოლიმპიადის სპორტული მხარე დაფარული დარჩა.
P. S. ამ მოკრძალებული აზრის გამოთქმას ნუ მიწყენენ სოჭში მივლინებული კოლეგები, შესაძლოა ისინიც ჩემსავით ფიქრობენ და თუ არა, მაშინ ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის!
პატივისცემით: თამაზ ჩიქვანაია