ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხვალ, გორის გ. ერისთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელი, პაატა ბურჭულაძე მოსახლეობას შეხვდება.
როგორც „რეპორტიორს“ ფონდი "იავნანადან" აცნობეს, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ღირს არს ჭეშმარიტად", რომელიც ათონის მთისა და სასწაულმოქმედი ხატის შესახებ მოგვითხრობს.
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი საქართველო და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთანი ძალისხმევითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ. იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა მილიონობით გვარ-სახელი იქნება შეტანილი.
მშენებლობას, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს.
ამჟამად ტაძრის კედლების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობისთვის თვალყურის დევნება პირდაპირი ეთერის რეჟიმში ნებისმირ მსურველს შეუძლია, ამისათვის უნდა შევიდეთ ფონდის ვებ-გვედზე www.makhata.ge.
გორის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ექნება კითხვები დაუსვან პაატა ბურჭულაძეს როგორც ტაძრის მშენებლობასა და ფონდ „იავნანას" საქმიანობაზე, ასევე მისი შემოქმედების შესახებ.
შეხვედრას ანსამბლ "შვიდკაცას" რამდენიმე მუსიკალური ნომერი დაასრულებს.