21 თებერვალს, „თიბისი გალერეაში“, ნანკა კიკალიას პერსონალური გამოფენა „საზღვარი“ გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი უახლესი ფოტორეპორტაჟია აფხაზეთიდან.
ნანკა კიკალია ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც გადალახა დეფაქტო საზღვარი და აფხაზეთში ფოტორეპორტაჟის გადაღება შეძლო.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ნახოს თუ როგორ გამოიყურება აფხაზეთი დღეს.
ინსტალაცია, სახელწოდებით „საზღვარი“, რომელიც საგამოფენო დარბაზში განთავსდა, სიმბოლურ საზღვარს წარმოდგენს, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან ჰყოფს და მის გადალახვას გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი თავისუფლად შეძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილია 40 ფოტო და დეტალურად ასახავს აფხაზეთის ომის შემდგომ რეალობას. ამ ექსპოზიციაში მთავარი მაინც ადამიანთა ბედია; ადამიანების, რომლებმაც უკიდურესად რთული და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება განვლეს. ჩვენ კონტრასტის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ - დაკარგულ მიწა-წყალს, საზღვრის იქედან კი იმედის თვალით გვიყურებენ ჩვენი თანამემაულეები, რომლებსაც არც ომის დროს და არც შემდგომ არ დაუტოვებიათ სახლ-კარი. სიმართლეს, რა მძიმეც არ უნდა იყოს ის, უკეთესი მომავლის იმედი და საფუძველი აქვს.
გამოფენა თიბისი გალერეში 4 მარტამდე გაგრძელდება.