მეტროსადგურ „რუსთაველის" მიწისქვეშა ვესტიბიულში დღეს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართება.
ფოტოგამოფენის ავტორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკია, რომლის თქმითაც გამოფენაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
მათი ნაწილი ახლადაღმოჩენილი და საზოგადოებისთვის უცნობია.
მისი განცხადებით, გამოფენის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისეთი მხარეების წინა პლანზე წარმოჩენა, როგორიცაა შიდა პოლიტიკური, დემოკრატიული განვითარება, ბათუმის დაბრუნება საქართველოსთვის, სოჭი საქართველოს შემადგენლობაში და სხვ. დიდი ყურადღება ეთმობა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საბჭოთა ოკუპაციას.
გამოფენას პარლამენტის წევრები და თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე დაესწრება.