27 თებერვალს, 12 საათზე, ბერლინში, საქართველოს საელჩოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები, ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არის ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ზოგადად ქვეყნის იმიჯისათვის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი, რომელიც პირველ რიგში ხელს შეუწყობს ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და ზოგადად საქართველოს სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ საპატიო სტუმარი ქვეყანა გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას - საქართველოს მიეცემა საშუალება გამართოს გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, წარმოაჩინოს მთელი ქართული კულტურის სპექტრი - ფოლკლორიდან დაწყებული კულინარიით დამთავრებული. ამ ფორმატით ქვეყნის წარმოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტკურ სივრცეში ინტეგარაციას კულტურის მეშვეობით. გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის მხრივ გაზრდის ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
2014 წელს იგეგმება ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა და ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის სპეციალური ცენტრის დაარსება, რომლის მთავარი ამოცანები იქნება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული.