საქართველოს შეაიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი სამხედრო ფორმა აქვს. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ძველი ფორმები იყო უხარისხო და სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა მათი შეცვლა. "ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე "დემეტრე 96"-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო. დღეიდან ჩვენს ჯარისკაცებს ახალი ფორმა ექნებათ. ქსოვილის ხარისხი არის ძალიან მაღალი – ორმაგად მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლე შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა", - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ „დემეტრე 96“ დიზაინერ თათა ვარდანაშვილის საწარმოა, რომელსაც ქართული ჯარის შემოსვა ევალება. მინისტრის განმარტებით, ჯარისკაცებს გარკვეული შენიშვნები აქვთ ასევე სამხედრო ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც და ამ შენიშვნებსაც უთუოდ გავითვალისწინებთ. "დღესაც მქონდა "დემეტრე 96"-ში ამაზე საუბარი. ხელმძღვანელობამ ამიხსნა, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ ახალ მოდელს, რომელსაც ქართველი სამხედროების წვრთნების პირობებში გამოცდიან და, თუ იქნება მაღალი სტანდარტის, ამაზეც ვითანამშრომლებთ "დემეტრე 96"-თან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი, ამიტომაც მათ შევუქმნით ყველა ინფრასტრუქტურულ პირობას, რომ მოვალეობა ღირსეულად შეასრულონ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.