reportiori.ge - იხილეთ! აღშფოთდით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
პრეს-დაიჯესტი
იხილეთ! აღშფოთდით!
ავტორი:
25 თებერვალი, 2014. 18:53

არ გაგეცინოთ, სატირალია - დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას კვერცხს დებენ! და კიდევ უფრო სატირალი - გატეხილ კვერცხს! ცხრა თვის შემდეგ თბილისელები ზუსტად იმავე სურათს დაინახავენ, რაც ამ ორი წლის წინათ ბათუმელებმა დაინახეს სასტუმრო „რედისონის" წინ კვერცხებისა და შლოპანცის სახით, ხოლო კვერცხის მოპირდაპირე მხარეს - ე.წ. „ანდროპოვის ყურების" ადგილას - ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი შენდება. გამოდის, წერტილი დაესვა ყველა კითხვას... რომ გვეგონა, დედაქალაქის ისტორიულ უბანს - რიყეს მალე გაათავისუფლებდნენ - ვაი-საკონცერტო დარბაზისაგან, ხიდისაგან, „შანგრილას", „ბუდა-ბარის", საბაგირო სადგურისა და სხვა ათასი უბედურებისაგან, ვაგლახ, მხოლოდ ოცნება იყო!

 

რკინის კონსტრუქციის კვერცხი (სგავსი კონსტრუქცია დგას ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, კიბერ-კვერცხის სახელწოდებით) დაიდება სასტუმრო „ბლუ-ივერიას" წინ, სადაც განთავსდება „ვარდების რევოლუციის მოედნიდან მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის სადგური. როდესაც მიწის ის ფართი შემოიღობა, სადაც საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოს - დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, თბილისელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეგონათ, დავით მეფეს თბილისის ცენტრს უბრუნებდნენ, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, აქ რკინის კვერცხში განთავსებული საბაგირო სადგური დაიდგმება, ხოლო თბილისის ცენტრიდან მთაწმინდის პარკამდე გადაჭიმული ბაგირი მათრახივით გადაეჭირება დედათბილისს. იცი, რა ერქვა კვერცხების ქანდაკებას, რომელიც ბათუმში დაიდგა? - „სახიფათოდ თქვენი". როგორც ჩანს, თბილისის ცენტრშიც „სახიფათოდ ჩვენი" საბაგირო შენდება, მუდმივად ხიფათის შემცველი საბაგირო, რომლის ტრაგიკული შედეგიც ამ 24 წლის წინათ - 1990 წლის 1 ივნისს იწვნია თბილისმა 19 დაღუპულითა და მრავალი დაშავებულით! საბაგირო გზებით გატაცება ძალიან ძვირად უჯდება საქართველოს და აქ არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური მხარე. ყველას გვახსოვს 2007 წელს ბათუმში, ფერიის მთაზე (ამაღლების დღესასწაულზე) დანგრეული ეკლესია გასართობი ცენტრებისა და საბაგირო სადგურის მშენებლობის მიზეზით, და იმავე ბათუმში - სანაპიროზე დანგრეული დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი, სადაც ფერიას მთაზე ასასვლელი საბაგირო გზის სადგური დაიდგა.

როგორც ჩანს, ამ პროექტებსა და არქიტექტურას ერთი და იგივე დირიჟორი ჰყავს, რომლის მუზაც კვერცხები და ქათმის არქიტექტურაა. უფრო სწორად, პოლიტიკა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების მიღწევებად ნიღბავენ.

რაკი დედათბილისის სიმბოლოდ „ქართვლის დედა" აღარ აღიქმება, რაკი მის ცენტრში სააკაშვილის იდეების ხორცშესხმა - კამო-ველოსიპედი და „ბლუ-ივერია" დგას, ხოლო დავით მეფის ქანდაკების ნაცვლად - „ოცნების" მიერ გამოჩეკილი კვერცხი და ამ ყველაფერს ხალხი ეგუება, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - როგორც ჩანს, თბილისს მართლა დედა აღარა ჰყავს. არავინ გამოჩნდა, თუნდაც „ივერიის" არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის მსგავსი პიროვნება, რომელმაც იმავე „ივერიის" წინ მდგარ ხეზე ღამეები ათენა, იმის შიშით, რომ ქალაქის მესვეურები იმ ხეს მოჭრას უპირებდნენ.

კულისებში ნათქვამი - ქვეყანას ისევ ნაცები მართავენ, რადგან „ოცნება" უსუსურიაო, - ნელ-ნელა ცხადი ხდება და საქართველოში დაჭყლეტილი ბოთლის, კვერცხის, შლოპანცისა და გმირთა მოედანზე დასმული ბოძის ეპოქა გრძელდება! უფრო მეტიც, ნაციონალური „ქეთოები და კოტეები" ისევ შედევრებად საღდება, იუსტიციის სახლის „შხამიანი სოკოებიც" ისევ იდგება და ქვეშ ხალხიც რომ მოიყოლოს, მხოლოდ მცირე დარღვევად ჩაითვლება. აქ ისევ გრძელდება ყბადაღებული ტურიზმისა და ტურისტების პოლიტიკა, კარუსელი, საბაგირო, კაფე და რესტორანი... ყოველივე ამას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს - ჩემი კოლეგის გიორგი გიგაურის წერილის სათაური ზუსტად გამოხატავს აზრს - „ისევ აქ აგდია!"


ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

24. 02. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016