არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე ქვემო ქართლის გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე რეგიონში არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია და 24-საათიან რეჟიმში სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია სარწყავი წყლით მომარაგებისა და საირიგაციო სისტემის მოწესრიგების საკითხი. დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის შიდა გზების მოწესრიგება და ასფალტსაფარის დაგება.
გუბერნატორის თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერები და უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტების განხორციელება, რისთვისაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილია 16 მილიონი ლარი, ხოლო რეგიონალური განვითარების ფონდიდან 17 მილიონი ლარი. მისივე თქმით, ის პირად კონტროლზე აიყვანს თითოეული პროექტის განხორციელების პროცესს და ასევე, მკაცრად გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
როგორც ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, ახალი გუბერნატორის მოსვლის შემდეგ გუბერნიაში ატესტაცია ჩატარდა. შედეგების გათვალისწინებით, ოთხმა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. უახლოეს მომავალში კი გუბერნატორის ორი მოადგილე დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორმა სურვილი გამოთქვა ახალგაზრდების გუბერნიის ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. ამ საკითხის ირგვლივ ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" და გიორგი მღებრიშვილი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ კვალიფიციური ადგილობრივი ახალგაზრდა კადრების მოძიებისათვის.
„გუბერნატორმა დაინტერესება გამოთქვა ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც 2010-2013 წლებში ადმინისტრაციებში გაცემულ ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს ეხებოდა. მოხდა შეთანხმება, რომ სამომავლოდ ოპერატიულად მოხდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, რათა საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ქონდეს", - აცხადებს გიორგი ჭურუხაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თვისუფლება" და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ორგანიზაცია უახლოეს მომავალში განსახორციელებელ პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.