სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და რუსი ჟურნალისტები თამაშისწინა დღეებში, შანსების შეფასებისას, მასპინძელთა სასარგებლო ფაქტორებზე საუბრობდნენ და ათასგვარი არგუმენტები მოჰყავდათ, აქაოდა კლოპს ნახევარი გუნდი ტრავმირებული ჰყავსო, გერმანელებს მძიმე მინდორზე თამაში არ უყვართო, სპალეტიმ იცის როგორ გაიყვანოს „ზენიტი“ შემდეგ ეტაპზეო და ა. შ. და რა მოხდა სინამდვილეში? უკვე მეხუთე წუთზე ანგარიში 0:2-ია „დორტმუნდის“ სასარგებლოდ. მხითარიანმა და როისმა კარგად ისარგებლეს კრიშიტოს უნიათობით და ორწუთიან ინტერვალში შეხვედრას ინტერესი დაუკარგეს. ორჯერ გაიბრძოლა „ზენიტმა“, ორი ბურთიც გაიტანა, მაგრამ ლევანდოვსკიმ ორივეჯერ ჩაუკლა გაღვივებული იმედი მასპინძლებს. საბოლოოდ 4:2 და გერმანელები შემდეგ ეტაპს მიუახლოვდნენ.
ვითომ ეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო?
საბერძნეთში თამაში რომ იოლი არასდროს არის, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ დიდი გუნდები იქაც ახერხებენ მოგებას. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე სტუმართა თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, ინგლისის ჩემპიონატში ცუდად ასპარეზობის გამო, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სათუო გაგვიხდა და ახლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთო. ისე, ფიქრს ვინ დაუშლის, მაგრამ ასეთი თამაშით საქართველოს თასის მოგებაც გაუჭირდებათ (მაპატიეთ ეს „მწარე“ შედარება). ასეთი უკბილო და უნიათო მანკუნიანელები მე პირადად არ მახოვს. „ოლიმპიკოსმა“ კი აღმაფრენით ითამაშა, თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და მეთოხედფინალს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მანჩესტერში, შესაძლოა, რუნი-ვან პერსის დუეტმა „გამოიღვიძოს“ და მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი. დღეს კი ბერძნებს ორბურთიანი უპირატესობა და კარგი შანსები აქვთ.