კაზრეთში, გაფიცულ მუშებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა შეხვდა. პარტიის თავმჯდომარემ დასაქმებულების პრობლემები პირადად მოისმინა.
კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს გაფიცულებს და მათი მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვს.
„არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი, როცა დასაქმებულთა უფლებები ასე უხეშად ირღვევა, როგორც ეს საქართველოში ხდება. მივიჩნევთ, რომ დროა დასრულდეს მონათმფლობელური დამოკიდებულება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის. ამ შემთხვევაში კი საწარმოს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს მუშებთან კოლექტიური ხელშეკრულება, რომელშიც ყველა ის პირობა იქნება გათვალისწინებული, რასაც გაფიცულები ითხოვენ. პარტია აუცილებლად დაიწყებს საკითხის დეტალურ შესწავლას და საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს - რამდენად ჩამორჩება საქართველო ევროპის ქვეყნებს დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებში“, - განაცხადა კუკავამ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში 14 თებერვლიდან RMG COPPER-ისა და RMG GOLD-ის საწარმოებში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და სადაზღვეო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.