დაბა სურამის რწმუნებული ხაშურის გამგეობისგან ავტობუსის შეკეთებას ითხოვს. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბერაია კი პასუხობს, რომ ავტობუსი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. სურამის ერთ-ერთი უბნის 30-მდე ოჯახი სწორედ იმ ავტობუსით სარგებლობდა ხაშურამდე მგზავრობის დროს. ბილეთის ღირებულება 20 თეთრი იყო.
„ველაპარაკე სატრანსპორტო გადამზიდავ კომპანიის წარმომადგენელს და მითხრა, რომ სურამის ბოლომდე რომ ავიდე, სულ რაღაც 30-მდე ოჯახია დარჩენილიო. უარი გვითხრა რეისის გაგრძელებაზე, არ უღირთ“,- ამბობს ბერაია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.
სურამის რწმუნებულის თქმით, იმ 30 ოჯახს ცენტრამდე მისასვლელად ფეხით გავლა უწევთ.
სოფლის რწმუნებული მდინარე სურამულას კალაპოტში მდგარი ხეების მოჭრასაც ითხოვს. 2 წლის წინ მდინარის ადიდებამ დასახლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ზარალს დღემდე ითვლიან. სამშენებლო კომპანია, რომელიც მიმდინარე წელს კალაპოტს წმენდს, მუნიციპალიტეტის გამგებელთან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით ხეების მოჭრა არ ევალება.
რამდენიმე დღის წინ გაწმენდითი სამუშაოების დროს მოულოდნელად ნიაღვარი მოვიდა და კალაპოტში ღამით დატოვებული ტექნიკა წყალში მოექცა. რწმუნებული ამბობს, რომ ტრაქტორი ამოიყვანეს და გადარჩა. სურამულას გაწმენდითი სამუშაოები თებერვალში დაიწყო და მარტში დამთავრდება. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე მდინარეები ადიდებას იწყებს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)