მოვაჭრეები გორის ახლადგახსნილი ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ისინი აგრარული ბაზრის ძველ ადგილას გადატანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი ზომების მიღებით იმუქრებიან.
მოვაჭრეების განცხადებით, ბაზარში მომხმარებელი არ დადის, რამაც მათი გაკოტრება გამოიწვია. ისინი აგრარული ბაზრის უცხოელ მფლობელს შეხვდნენ და მისგან პრობლემის დაუყონებლივი მოგვარება მოითხოვეს.
ერთ-ერთი მოვაჭრის განცადებით, მომხდარის გამო გუშინ ერთი მოვაჭრე გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა.
„დახურონ ის ბაზრები და გადმოიყვანონ მოვაჭრეები ამ ბაზარში, რათა მომხმარებლები არ დაიფანტონ. კაციშვილი არ დადის ამ ბაზარში. სანამ აქ მოვლენ 3 ბაზარი უნდა გამოიარონ და აქ ვინღა მოვა? თუ არ დახურავენ იმ ბაზრებს, დაგვაბრუნონ ისევ ძველ ბაზარში“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ მარინა ლურსმანაშვილმა.
მოვაჭრეები ხვალ დილას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეკრებას გეგმავენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.