„ომი ჩვენი ტრაგედია იყო",- ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა დღეს უწყებაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს უმასპინძლა.
მინისტრის შეფასებით, ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას აგვისტოს ომის დროს თავის შესწირეს, ჩვენთვის სამაგალითოები არიან.
„აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. ომში შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, ის ადამიანები გმირები იყვნენ. ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მიმცემი. ჩემი სურვილი იყო მათ შვილებს შევხვედროდი და გარკვეული თანაგრძნობა გამომეხატა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შს მინისტრმა ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ შორის ველოსიპედები, აიპადები, აიფონები და სხვა ნივთები.