სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს დაბა კაზრეთში „RMG ჯგუფის" საწარმოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, გაფიცულ მუშებსა და მოშიმშილეებს შეხვდა. ნანუაშვილი ხელისუფლებას კაზრეთში მიმდინარე მოვლენებში ჩართვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მდგომარეობა ადგილზე მართლაც რთული და საგანგაშოა.
„იმდენად რთული სიტუაციაა, რომ შესაძლებელია, ცოტა ხანში მოვლენები უმართავი გახდეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი. ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას. მათ ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ და მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაზე სამართლიანია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ხელფასების გაზრდა. მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში და დიალოგი დაიწყოს. სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტები, რომ სიტუაცია ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს, ვიდრე უმართავი არ გახდება", - განაცხადა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველთან ერთად კაზრეთში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშილიც იმყოფება.
ამ დროისათვის უჩა ნანუაშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი კაზრეთში „RMG ჯგუფის" საწარმოს ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება წუხელ გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეც ესწრებოდნენ. მორიგი მოლაპარაკება დღეს კაზრეთში უნდა გაიმართოს. საწარმოს ხელმძღვანელობა ამ დრომდე გაფიცულთა მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზეა თანახმა, რასაც აქციის მონაწილეები არ ეთანხმებიან.