პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილმა აგრესორმა მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დევნილად აქცია, ქართულმა ჯარმა და პოლიციამ, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოახერხა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ამ მძიმე დღეების 5 წლის თავზე მინდა გავიხსენო ის ვაჟკაცები, ქართველი გმირები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას. მინდა მხარდაჭერა და ნუგეში გამოვხატო მათი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენი ვალია, რომ ყველანაირად შევუმსუბუქოთ მათ მშობლებს, მეუღლეებსა თუ შვილებს ის დიდი დანაკარგი, რაც მათ განიცადეს. ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომლისთვისაც ამ გმირებმა თავი გაწირეს და არასოდეს არ დავუშვათ საქართველოს დამოუკიდებლობის და ჩვენი ხალხის თავისუფლების ხელყოფა. აქვე მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღესაც, მსახურობენ ოკუპაციის ხაზზე მდებარე საგუშაგოებზე, დღისით თუ ღამით, ქარსა თუ წვიმაში, უშიშრად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში.