ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი 39 წლის პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული წამების მსხვერპლია. პატიმრის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განმარტებით, დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ კობა აფხაიძეს სახის და ყელის მიდამოებში სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნება, თუმცა ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს დაზიანებები გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. კობა აფხაიძე 13 მარტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ის საზღვარგარეთ სამსახურის დასაწყებად მიდიოდა. კობა აფხაიძის სასამართლო 3 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 1 მაისს ის გარდაცვლილი იპოვეს.ოფიციალური ვერსიით მან თავი ჩამოიხრჩო.