აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ანსამბლის დირექტორის ოთარ მიქელაძის გადაყენება მოითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, მიქელაძემ 32 ადამიანი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ ქორიძის სამსახურში დაბრუნებას ითხოვდნენ. მათივე თქმით, ქორიძის დაბრუნებას 45 ადამიანი ითხოვდა, თუმცა მიქელაძემ 32 გაათავისუფლა, 13 წევრი კი სამსახურში დატოვა, რაც ანსამბლის წევრებს შორის პროვოცირების სურვილითაა განპირობებული.
ერთ-ერთი მოცეკვავის მურთაზ მანძულაშვილის განცხადებით, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი მათ დაპირდა, რომ ანსამბლიდან არავის გაათავისუფლებდნენ.
"ირაკლი ჭეიშვილმა გვითხრა, რომ თუ ოთარ მიქელაძე ერთ ადამიანს გაუშვებდა სამსახურიდან, ის მიქელაძეს გაუშვებდა სამსახურიდან. ვთხოვთ ირაკლი ჭეიშვილს, რომ ეს კაცური ფიცი შეასრულოს. 32 ადამიანს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება. სამსახურიდან დირექტორმა გაგვიშვა, ცნობა ამის შესახებ საქართველოს ფოსტიდან მოგვივიდა", - განაცხადა მანძულაშვილმა.
ანსამბლის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და ბრძოლას სამართლებრივი გზებით აპირებენ.
"ბრძანება არის უკანონო, რადგან ანსამბლის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ დასის წევრები გაფიცვის რეჟიმში იმყოფებოდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, როცა ეს პროცედურები დაცულია, არ შეიძლება შრომითი ხელშეკრულების დარღვევა. მოვამზადებთ სარჩელს და მივმართავთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს", - აღნიშნა მოცეკვავეების ადვოკატმა რამინ პაპიძემ.