reportiori.ge - აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:38
კონფლიქტები
აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 11:22

2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. 26 000  ადამიანი კი დევნილად იქცა.

2008 წლის დასაწყისიდან მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.

განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ "საშინაო მონახაზები" მზად ჰქონდა.

საქართველოს თავდაცვის ოფიციალური ინფორმაციით აგვიტოს ომის მოვლენები ასე ვითარდებოდა: 2008 წელი, 1 აგვისტო - სოფელ ერედვში ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აფეთქდა, დაიღუპა ერთი ადამიანი; 2 აგვისტო - ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისვრიან. სახეზეა დაჭრილები და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები; 3 აგვისტო - რამდენიმე საათის განმავლობაში სროლები შეწყვეტილია; 4 აგვისტო - ოფიციალური თბილისის მტკიცებით, ოსებთან ერთად, ქართულ სოფლებს თავს რუსებიც ესხმიან, რასაც ცხინვალსა და მოსკოვში უარყოფენ; 5 აგვისტო - ოსი სეპარატისტების მიერ ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბართმტყორცნიდან ცეცხლი გაიხსნა. ამავდროულად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ოსი "სამართალდამცველების" საგუშაგოების დაცხრილვაში ადანაშაულებს. ოსების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთიდან 300 "ბოევიკი" ჩადის, სეპარატისტებს დახმარება დონის კაზაკების ბატალიონმაც აღუთქვა. ცხინვალში რეგიონიდან ბავშვებისა და ქალების ევაკუაციის საკითხზე საგანგებო სხდომა იმართება. ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუს სამშვიდობოებს, რომლებიც გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდნენ, საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდებს; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოსთვის ცხინვალის რეგიონში ქართულ-ოსური პირდაპირი მოლაპარაკებების დაგეგმვის შესახებ აცხადებს. 7 აგვისტოსთვის საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვიც გეგმავს; 6 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა სოფლების - ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბომბვა დაიწყეს. 7 აგვისტო - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეებიც.


8 აგვისტოს დადგომასთან ერთად კი, დიალოგის ნაცვლად, მასშტაბური საომარი მოქმედებები იწყება. დილის მონაცემებით, "ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალს სრულად აკონტროლებენ". ამავე დღეს დაპირისპირებაში რუსეთის საჯარისო შენაერთები, მათ შორის 53-ე არმია ოფიციალურად ერთვება. ამასთან, რუსების შეტევა კონფლიქტის ზონას გასცდა და მთელ საქართველოს მოედო.


8-12 აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასე გამოიყურება:


8 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 3-5 ჭურვი ჩამოაგდო; რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრში, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შედეგად, 7 სამოქალაქო პირი დაშავდა; 6 რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე; რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან შემოვიდნენ, ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში ჩამოაგდეს და უკან გაბრუნდნენ; რუსულმა სამხედრო ავიაციამ მარნეულის სამხედრო ბაზა სამჯერ და ბოლნისის სამხედრო ბაზა დაბომბა. ორი თვითმფრინავი განადგურდა. დაინგრა შენობა-ნაგებობები და არის მსხვერპლი; 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ გორის საარტილერიო ბრიგადა დაიბომბა;


9 აგვისტო - დაიბომბა ფოთის პორტი, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი; სენაკის სამხედრო ბაზაზე მნათობი ჭურვები ჩამოვარდა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი. კვლავ დაიბომბა ვაზიანის პოლიგონი. მეორედ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი; დაიბომბა გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა; ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა; რუსეთის საჰაერო ძალები გორის დაბომბვას აგრძელებენ; კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი; რუსეთის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს; დაიბომბა ონი. რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი დაიბომბა.


10 აგვისტო - რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს; რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა დაიბომბა; ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა განახორციელა, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ ჩამოგდებულ იქნა; გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსულმა თვითმფრინავებმა ქარელის რაიონში სოფელი კნოლევი დაბომბეს; რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ზემო აფხაზეთზე შეტევა განახორციელეს. რეგიონი რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა; რუსული ავიაციის მიერ კვლავ დაიბომბა გორი; რუსულმა ავიაციამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი დაბომბა. შედეგად ხიდზე ხანძარი გაჩნდა; რუსეთის ავიაციამ ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში ჩამოყარა; საავიაციო ქარხანა "თბილავიამშენი" კვლავ რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი გახდა; ორი ავიაგამანადგურებლის მიერ სენაკი დაიბომბა; ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კოდორის ხეობა დაბომბა.


11 აგვისტო - გორის დასავლეთით, სოფელ შავშვებში სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური დაიბომბა; რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კოდორის ხეობა დაბომბეს (ზემო აფხაზეთი); რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან) დაბომბეს. დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო; ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს) დაიბომბა; დაიბომბა კოდორის ხეობა; საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა; სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად; რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთით დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი; დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი; სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016