საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური თბილისის მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაელოდება. მინისტრმა კომენტარი ბათუმში გააკეთა. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დოკუმენტაცია წარდგენილია და საქმის ძიება მიმდინარეობს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ, მათ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია სასამართლოს წარუდგინა. დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა. დამატებით ვერაფერს გეტყვით, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა. შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გამოძიება უგულავას შპს „თბილსერვისჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ საკითხებს ედავება. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.