უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე სიტუაცია რუსეთშიც იცვლება. რა ხდება კონკრეტულად რუსეთის დედაქალაქში, ამაზე „ალიას" მოსკოვში მცხოვრები, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ესაუბრება.
- 2 მარტს სავალუტო ჯიხურების მფლობელებმა ატეხეს პანიკა და 2 რუბლით გაძვირდა დოლარი. 3 მარტს ისევ ჩამოიწია. მოსახლეობის განწყობა პუტინისკენ იხრება, ოპოზიციური ჯგუფები პუტინის წინააღმდეგ არ გამოდიან. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროდუქტები გაძვირდა, სადღაც 10 პროცენტით. ახლა დოლარის კურსმა ისევ შესამჩნევად აიწია. ყველაზე დიდი პანიკა მაინც 2 მარტს დაფიქსირდა, კვირა დღე იყო, სავალუტო ბირჟა არ მუშაობდა და ამანაც შეუწყო ხელი. ამ დროს სპეკულანტები ფულს შოულობენ ხოლმე. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, პუტინმა ასეთი მოქმედებით გარკვეულწილად გაამაგრა თავისი რეიტინგი. ვინც მისი მომხრე იყო, უფრო მეტად მომხრე გახდა, ვინც ნეიტრალური იყო, ისიც მომხრე გახდა.
- ბარაკ ობამას მუქარას რუსები სერიოზულად აღიქვამენ? მოსახლეობაში რაღაც შიში ხომ არ გაჩნდა?
- შიში გაჩნდა, აქ ფიქრობენ, რომ შეიძლება ყველაფერი დიდ ომში გადაიზარდოს. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში არ შეინიშნება შიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინს არ მისცემდნენ უკრაინაში ჯარის შეყვანის უფლებას. ყირიმში რუსეთის ჯარები იდგა, ამ ნაწილებს დაამატეს რამდენიმე დანაყოფი. ამას ამერიკელებიც აკვირდებიან არა მხოლოდ კოსმოსიდან, არამედ სხვა საშუალებებითაც. მოდი, ვთქვათ სიმ ართლე, რაღაც-რაღაცების პროვოცირება გამოიწვია უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ... პირველივე დღეს რომ რუსულ ენას სტატუსს გაუუქმებ და ბირთვული იარაღის წარმოებაზე დაიწყებ ლაპარაკს, შენ ნორმალური ხარ? როცა ეს ხალხი ამას ამბობს, უკვე საშიშია... დაურეკეს ამერიკელებმა და გააჩერეს, რამდენჯერ გააჩერებენ?
- იულია ტიმოშენკო აპირებს მოსკოვში ჩასვლას, ამაზე რუსებს რა რეაქცია აქვთ?
- კი, არის მაგაზე საუბარი... მაგათ სხვა გზა აღარ აქვთ, ყველა შემთხვევაში პუტინს უნდა დაელაპარაკონ, მაგრამ ტიმოშენკო რა სტატუსით უნდა ჩამოვიდეს და შეხვდეს პუტინს?
- რა, არ იცოდნენ, რომ ბოლოს მაინც პუტინთან მივიდოდნენ?
- გელა, ამდენი რომ არ იციან, ამიტომაც არიან ამ დღეში. ვანო მერაბიშვილი პოლიტიკოსი იყო, მე რომ მითხრა 2003 წლის დეკემბერში, ცხინვალსა და სოხუმში თუ შევიჭრებით, რუსეთი ვერაფერს გვიზამსო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-მეთქი, მაგრამ მაინც მოსინჯეს ძალები 2008 წელს ცხინვალში. კიდევ კარგი, ახლა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება არ არის, თორემ დარწმუნებული ვარ, უკვე ჩვენი ჯარები იქნებოდა ცხინვალთან და სოხუმთან. ჩვენი უბედურება ის არის, რომ რუსეთს აქამდე ვერც ერთი ხელისუფლება ვერ სცნობდა, შევარდნაძემ მშვენივრად იცოდა ის რუსეთი, რომელშიც თვითონ იყო, უბრალოდ, ჩარჩა საბჭოთა კავშირში, ბოლომდე დარჩა საგარეო საქმეთა მინისტრად და იქიდან უყურებდა პროცესებს. მერე მოვიდა სააკაშვილი, ნიუ-იორკში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში ნაბაქიბუქები ბიჭი, რომელმაც იფიქრა, რუსებს ჟანგიანი ტანკების მეტი არაფერი გააჩნიათ, მაგათ დედას ვუტირებთ, დავამარცხებთო. ამათ არ იციან, რომ რუსეთს შეუძლია დახევა ციმბირამდე, 3 მარტს თოვლი მოვიდა ვაშინგტონში და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აქ 6 თვე თოვლი და ყინვაა. ამ ქვეყანას ვერ აიღებ...
ახლა ამერიკა ევროპას ატყუებს, მათი ლაპარაკიდან ისედაც ჩანს, რომ საქმე ომამდე არ მივა და ახლა დაიწყეს ლაპარაკი ეკონომიკურ სანქციებზე, შენგენის ვიზების გაუქმებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ჯერ კიდევ ზამთარია და გაზის ონკანი მოსკოვშია. შენ თუ რაღაცას დამიკეტავ, მეც რაღაცას დაგიკეტავ. დღეს პუტინის ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთია. დავუშვათ, მომხდარიყო ისე, რომ პუტინს ხმა არ ამოეღო და საერთოდ მიეტოვებინა ეს პროცესები, რა მოხდებოდა?
დავუშვათ, პუტინის ხელისუფლება წავიდა, შენ გგონია, აქ მშვიდობა დაისადგურებს და არჩევნები ჩატარდება? არა, ეს იქნება, ჩვენს მტერს! რუსეთში რომ „ჩვენს მტერს" იქნება, კავკასიაში რა მოხდება? ნუგზარ წიკლაურს რომ ჩერქეზეთში ახლობლები ჰყავს, ეს იმას არ ნიშნავს, ჩერქეზები პრეტენზიებს არ წამოაყენებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი არ განახლდება, ან ჩვენს აზერბაიჯანულ რეგიონებში ცეცხლი არ გაჩნდება. რაც მთავარია, გაჩნდება რამდენიმე სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელსაც ატომური ბომბი, ექნება. შენ გგონია, ობამა და ქერი გენიოსები არიან? ეგენიც ადამიანები არიან და ხშირად ემოციები სჭარბობს. ადრე ქართველები ხმლით იბრძოდნენ, ახლა „ფეისბუკის" ლომები გახდნენ, ხმლების ნაცვლად კლავიატურებს იქნევენ... ერთი მიშისტი წერს: აბა, დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ამერიკელები შევიდნენ და იქაურობა არ აყვავდაო. ამიხსნას ვინმემ, ავღანეთში რატიომ არიან ამერიკელები? შედეგი რა არის? დაღუპული ჯარისკაცები, დაღუპული ქართველები, ავანტიურაში ჩათრეული ევროპა და ასე შემდეგ. ამერიკელების შესვლის შემდეგ ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება გაიზარდა. დღეს რუსეთი საკითხს აყენებს ასე: რატომ არ იცავს იმ შეთანხმებას ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, რაც შედგა? ისინი უნდა ჩამდგარიყვნენ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის. რაკი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასეთ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ახლა ხმას რატომ არ იღებენ? ეს შეთანხმება იანუკოვიჩს არ დაურღვევია, ოპოზიციამ ძალა იგრძნო და მიაწვა ბოლომდე. ახლა საქმე უკვე წავიდა მორევაზე და ნერვების მოსინჯვაზე. ჩემი აზრით, ამ ჭიდაობაში ყველაზე მეტს წააგებს უკრაინა, ასევე წააგებს ევროპა, რუსეთი და ყველაზე ნაკლებს წააგებს ამერიკა.
- აქედან ჩვენ რამე ხეირს ვნახავთ?
- კი... ნუგზარ წიკლაურისა და სვიმონ მასხარაშვილის დავთრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი დაშლას დაიწყებს, სოჭს დავიბრუნებთ, ცოტა იქითაც წავიწევთ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები მოვლენ ჩვენთან, შევქმნით კავკასიის დიდ სახლს, დედაქალაქი იქნება თბილისი და ვიცოვრებთ ერთიან, ძმურ კავშირში.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"
04. 03. 2014 წ.