თელავის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნაგავსაყრელი გარემოს დაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიერიდან მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეებისგან დაცულები იქნებიან. პოლიგონზე განთავსებულია თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენების გადაფარვა მოხდება. ამასთან, პერმანენტულად ხდება გადანაყრებისა და საიზოლაციო ფენის შემკვრივება ვიბროსატკეპნის მეშვეობით.
თელავის მოწესრიგებული ნაგავსაყრელი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.
ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა და ამ დროისთვის ის სრულად მოწესრიგდა. პოლიგონის მოწესრიგებისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით, ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა და განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი; ადგილზე, ასევე, დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული; გარდა ამისა, მდინარე თურდოზე ჩატარდა ნაპირდამცავი სამუშაოები, რათა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს.
თელავის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა.