reportiori.ge - რას გვასწავლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რას გვასწავლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი?
ავტორი:
05 მარტი, 2014. 00:13

უკვე აშკარაა, რომ მსოფლიო პროტესტის მიუხედავად რუსეთი შეინარჩუნებს გავლენას უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე. უბრალოდ, გერმანიის დახმარებით ამას დემოკრატიულად შეფუთავს და საბოლოოდ მივიღებთ რეფერენდუმის საფუძველზე ანუ სამართლებრივ ჩარჩოებში ლეგალიზებულ სამ ნაწილად გაყოფილ უკრაინას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის იქნება ოფიციალურად ერთიანი, ხოლო რეალურად  რუსეთის პროტექტორატი.  ოფიციალური კიევი გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსის ჯარისგან გათავისუფლების მოთხოვნას, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა კი ამას გააპროტესტებს.



 საბოლოო ჯამში პრობლემის ამ გზით მოგვარება შედის როგორც რუსეთის, ასევე ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესებში. სამივე მხარეს დარჩება საკმარისი ინტერპრეტაცია თავისი მოქმედებების სისწორისა და შედეგიანობის წარმოსაჩენად. წაგებული დარჩება მხოლოდ კიევი და დასავლეთ უკრაინა. თუმცა, დიდი არჩევანი უკრაინას არც ქონდა, აღმოსავლეთ უკრაინის კონტროლი დასუსტებულ კიევს გაუჭირდებოდა. რა მიიღო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგეად მსოფლიომ? მიიღო უკვე შეუნიღბავი "ცივი ომი" რუსეთსა და დასავლეთს შორის. ასევე მიიღო მესიჯი _ მსოფლიო იდილიაზე ოცნება გულუბრყვილობაა, მსოფლიოს მართავს არა სამართლიანობა არამედ ინტერესები. ყოველგვარი ოცნება მსოფლიო რისხვის დატეხვასა და იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებაზე თავის მოტყუებაა.



ის რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს და ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, ეს არის ამ "ცივ ომში" ჩართულ ძირითად მოთამაშეთა შორის სადემარკაციო საზღვრების გავლება. რაც შეეხება დასავლეთისგან ჩვენი ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარებასა და მხარდაჭერას, ეს მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტია. ისევე როგორც რუსეთის მხრიდან არის დიპლომატიური ეტიკეტი აფხაზეთის ან "სამხრეთ ოსეთის" სახელმწიფოების ცნობა. სახელმწიფოების სუვერენიტეტები და ტერიტორიული მთლიანობები ძალიან სიმბოლური ცვლადებია, რომლებიც შეიძლება ერთდროულად შეიცვალოს და თან (ოფიციალურად) არც შეიცვალოს და ეს არ იქნება ტრაგედია. ამის კარგი მაგალითია კვიპროსი, რომელიც ევროკავშირის თვალში ერთიანია, თურქეთის თვალში კი მისი ჩრდილოეთი ნაწილი დამოუკიდებელია სამხრეთისგან. აფხაზეთიც ამგვარი მაგალითია.



დასავლეთი არ დაიწყებს რუსეთთან ომს აფხაზეთისთვის, როგორც ამაზე ნაციონალური მოძრაობა ოცნებობს. ისევე როგორც რუსეთი არ ააყვავებს და არ გააერთიანებს საქართველოს, როგორც პრორუსული ძალები გვარწმუნებენ. მსოფლიო ომებს არ იწყებენ ასეთი "მცირე" პრობლემისთვის. ხოლო თუ მსოფლიო ომი დაიწყება, მიზეზი არ იქნება არც ვინმეს "თვითგამორკვევის უფლება" და არც ვინმეს "ტერირორიული მთლიანობა" მიზეზი იქნება ბევრად დიდი ინტერესების კონფლიქტი.



 შესაძლოა ევროკავშირმა ავტომატურად ვერ დაუბრუნოს საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ ეს გაერთიანება გაცილებით ადამიანური და ცივილიზებულია ვიდრე ჯერ არ შექმნილი "ევრაზიული კავშირი". ევროკავშირი თანასწორთა ნებაყოფილებითი დემოკრატიული გაერთიანებაა, "ევრაზიული კავშირი" კი იქნება რუსეთზე მორგებული გაერთიანება, რომელიც მოემსახურება რუსეთის გაძლიერებას.



დღეს რუსეთი მიზანმიმართულად ზრდის ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში, რათა საზოგადოებაში გააჩინოს ევროკეპტიციზმი და ხელი შეუშალოს ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან. თუმცა ამის მიუხედავად საქართველოს აქვს შანსი წელსვე, მშვიდობიანად მოახდინოს რუსეთისგან დისტანცირება.



საქართველომ შეიძინა საკმარისი გამოცდილება საიმისოდ, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს და არ იყოს გეოპოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში. ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ-რომანტიულმა განწყობებმა შედეგად მოიტანა 2008 წლის ავანტიურაზე წამოგება და მკაცრი რეალობის წინაშე დადგომა. პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები ასევე საკმარისად მარგინალიზირებულები არიან საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობა აყვეს მათ ბანალურ, რელიგიური ფუნდამენტალიზმითა და ევროგარყვნილებით გაზავებულ შავ პიარს. შესაბამისად რჩება ზომიერი, კარგად გაანალიზებული და გაანგარიშებული გზა, რომელიც გულისხმობს ზედმეტი რყევებისგან თავის აცილებით, რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე ევროკავშირის წევრობამდე მისვლას.



საქართველოს არ ყავს არც ერთმორწმუნე, არც ხუთმორწმუნე და არც არანაირი მეგობრები, საქართველოს გააჩნია მხოლოდ მისი ინტერესები და ამ ინტერესების გატარების საშუალებები. ერთ ერთი ასეთი საშუალებაა, მსოფლიოში არსებული ვითარების გაანალიზება და სწორი სტრატეგიით ამ ვითარებებიდან სარგებლის მიღება. ხვალ თუ სხვა ვითარება იქნება, საქართველომ იმ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოაყალიბოს მისი ინტერესები. დღეს საქართველოს ინტერესებშია თავისუფლების შენარჩუნება, სტაბილური კულტურული და ეკონომიკური განვითარება და სოლიდარული, განათლებული, თვითმყოფადი პროგრესზე ორიენტირებული, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. დღეს საქართველოს ინტერესებშია ევროკავშირის წევრობა.




ზეზვა ფხოველი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016