მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კახეთსა და ქვემო ქართლში დაასახლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ განუცხადა.
„მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა საგრანტო ხელშეკრულება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან, რომლის თანახმადაც, 700 ათასი შვეიცარული ფრანკი დაიხარჯება მაღალმთიანი აჭარის, ხულოს სოფელ პანტიანიდან სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის კახეთსა და ქვემო ქართლში განსახლებისთვის, ასევე, სტიქიისა და მეწყერის შედეგად დაზარალებული მესტიის რაიონის მოსახლეობის განსახლებისთვის", - განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე რამდენიმე შენობა გამოისყიდა, სადაც დევნილები არიან შესახლებული. მინისტრის თქმით, 21 ოჯახს აღნიშნული ფართობები სულ მალე საკუთრებაში გადაეცემათ.