„შემთხვევის ადგილზე მივედი. დათვალიერების შემდეგ, ექვსი ადამიანის ნაკვალევი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ნაკვალევი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ოლეგ მელნიკოვისა იყო,“ – ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა გელა მებონიამ განაცხადა. მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას დაგეგმილია, ოლეგ მელნიკოვი კი მომხდარის დროს იქ იყო. მებონიამ, ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სანდრო გირგვლიანის ცხედარიც ნახა. „ის ნაწამები და შიშველი იყო“, – იხსენებს პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პროკატურაში ჩვენების მიცემას დღეს აპირებს. ის ჩვენებას, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგაც მისცემს. გელა მებონია, რომელიც 2006 წელს, კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის თანამონაწილეა, აცხადებს, რომ ვაზაგაშვილისა და მისი თანმხლებების ავტომობილში იარაღის ჩადებას პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ცდილობდა. მისი თქმით, ავტომობილში, სადაც ვაზაგაშვილი იჯდა, იარაღი ნამდვილად იყო, თუმცა, გასროლა არ მომხდარა და ახალგაზრდების ავტომობილს 117 ტყვია სპეცრაზმელებმა, ქუჩის მეორე მხრიდან ესროლეს. „მათ ავტომობილში იარაღი იყო, თუმცა, თავდაპირველად პოლიციელებმა ვერ შენიშნეს. ერთს – მძღოლს იარაღი ზურგის მხარეს ედო, მეორეს, ქვემოთ, ავტომობილის სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამეს, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, იარაღი უკან ედო, ამიტომ პოლიციელებმა იარაღი ვერ ნახეს. ფირცხალავამ დარეკა და მოითხოვა, იარაღი მოიტანეთ, შარში ვართო. მოიყვანეს იარაღიანი მანქანა, მაგრამ მე ერთი ამბავი ავტეხე, ამასობაში კრიმინალისტებიც მოვიდნენ და დაიწყეს დათვალიერება“, – აღნიშნა გელა მებონიამ.