reportiori.ge - ზოოპარკი, სადაც შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:37
სხვადასხვა
ზოოპარკი, სადაც შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული
ავტორი:
08 მარტი, 2014. 13:21

მხოლოდ და მხოლოდ 1935-36 წლებში დახურეს უკანასკნელი გალიები ბაზელისა და ტურინის ზოოპარკებში, სადაც შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული. მანამდე კი ხალხი დაპატიმრებული შავკანიანების, ინდიელებისა თუ ესკიმოსების დასათვალიერებლად დიდი მონდომებით დადიოდა.  



ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შეიყვანეს შავკანიანები ევროპაში როგორც ეგზოტიკა, ისევე, როგორც ცხოველები ახალაღმოჩენილი მიწებიდან - შიმპანზეები, ლამები თუ თუთიყუშები. თუმცა XIX საუკუნემდე შავკანიანები ძირითადად მდიდრებთან ცხოვრობდნენ, მათ კარზე მსახურობდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებს ისინი ჯერაც არ ენახათ, უმეტესობა უწიგნურიც იყო და არც წაეკითხა არაფერი მათზე. 


ყველაფერი მოდერნის ეპოქაში შეიცვალა - როცა ევროპელების დიდმა ნაწილმა კითხვა ისწავლა, ემანსიპაცია განიცადა იმ დონეზე, რომ ისეთივე სიამეები მოითხოვა, როგორიც ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას ჰქონდა. მათ სურვილს დაემთხვა სწორედ კონტინენტის ტერიტორიაზე პირველი ზოოპარკების გახსნა - დაახლოებით 1880-იან წლებში. 


უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში ''ადამიანთა ზოოპარკები'' ევროპასა და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად გალიებში უმთავრესად შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული. ასეთი რამ ბაზელისა და ბერლინის, ანტვერპენისა და ლონდონის, ვარშავის ზოოპარკებში ხდებოდა. ცნობილია, რომ 1902 წელს გალიაში გამოკეტილი შავკანიანები 800 ათასამდე დამთვალიერებელმა ნახა. 


მოდაში იყო ასევე ე.წ. ეთნოგრაფიული სოფლების მოწყობა - გალიებში ამწყვდევდნენ შავკანიანთა ერთდროულად რამდენიმე ოჯახს. ისინი გალიებში დადიოდნენ ეროვნულ სამოსში ჩაცმულნი და ტრადიციულად ცხოვრობდნენ, ამზადებდნენ კერძებს ცეცხლზე, წნავდნენ კალათებს, აჭმევდნენ ბავშვებს. დამთვალიერებლები კი ყოველივე ამის ცქერით ''ტკბებოდნენ''. 


თუმცა, როგორც წესი, ამგვარ პირობებში მყოფი შავკანიანები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ, რადგან ევროპულ სიცივეს ვერ უძლებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰამბურგის ზოოპარკში 1908-დან 1912 წლამდე 27 დატყვევებული შავკანიანი გარდაიცვალა.


იმ დროის ზოოპარკებში ჰყავდათ ასევე სხვა პრიმიტიული ხალხები - პოლინეზიელები, სურინამის ინდიელები, პიგმეები.  აღმოსავლეთ პრუსიაში 1920-იან წლებში ეთნოგრაფიულ სოფელში ბალტიისპირელები ჰყავდათ , რომლებსაც ''ძველი პრუსიელები'' უნდა განესახიერებინათ და მათი რიტუალები ხალხის წინაშე უნდა შეესრულებინათ.


ყოველივე ამაში საზოგადოება გასაკიცხს ვერაფერს ხედავდა. დიდი ნაწილი ამ ადამიანებს ადამიანებად არც აღიქვამდა - ისინი ჩვეულებრივი ეგზოტიკური არსებები იყვნენ. ჰოდა, ვისაც არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ამ ეგზოტიკის სანახავად მათ ქვეყნებში ემოგზაურა, მას შეეძლო, ზოოპარკში დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა. 


დღეს პარიზული სამხეცე, სადაც შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული, მიტოვებულია. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მერიამ გადაწყვიტა, აღედგინა შენობები და ტერიტორია პარკის სახით აემუშავებინა. თუმცა საზოგადოება ამ წინადადებამ აღაშფოთა - მათ არ სურთ, კოლონიალიზმის ის საშინელი დროება ყოველ წუთას შეახსენონ, ურჩევნიათ, ისევე იყოს, მიტოვებული და დანგრეული.



სხვათა შორის, ინდოეთში ხელისუფლება უკრძალავს აბორიგენებს, ცივილიზაციას ეზიარონ, რათა არ დაარღვიონ ''ბუნებრივი გარემო''. უკრძალავს მათ ევროპული სამოსის ტარებას, ტექნიკური საგნებით სარგებლობას, სწავლას, მკურნალობას. თუმცა ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება. 



აბორიგენების საცხოვრებელი ტერიტორია მავთულხლართით არის შემოფარგლული და მის იქით გამოსვლა არ შეიძლება. ეს ჩვეულებრივი თანამედროვე ზოოპარკი, რომლის შიგნითაც გზა არის გაკეთებული და ტურისტები მანქანებიდან ადევნებენ თვალს ადგილობრივი შავკანიანების პირველყოფილ ცხოვრებას. ლონდონური ტურისტული სააგენტოები ამ სამხეცეში საგზურებსაც ყიდიან და მათ ჭეშმარიტ სახელწოდებასაც არ მალავენ - ადამიანების ზოოპარკი.



ჟურნალ „რეიტინგის" მასალებზე დაყრდნობით

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016