საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ,,ბიოწარმოების შესახებ" შემუშავებული დადგენილება მიიღო. დადგენილების მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის მართვის მდგრადი სისტემის შექმნაა, რომელიც ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ხელს შეუწყობს, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესის დაცვას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს იმ მწარმოებლების დაცვას, რომლებიც ბიოპროდუქციას აწარმოებენ. აღნიშნული დადგენილების მიღება ქართული პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს.
ბიოპროდუქციის წარმოება ფერმერს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში აღნიშნული პროდუქცია ძვირადღირებულია და საერთაშორისო ბაზარზე მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
,,ბიოწარმოების შესახებ" მთავრობის დადგენილება, რომელიც საქართველოს კანონის - ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 75-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შემუშავდა, მოიცავს წესებს, რომლითაც განისაზღვრება ბიომეურნეობის მართვა, ბიოპროდუქციის წარმოება, გადამუშავება, ნიშანდება, ეტიკეტირება, დისტრიბუცია, რეალიზაცია, ასევე ბიოწარმოების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.