გონიოს ციხესთან მცხოვრები 271 ოჯახი მიწების დაკანონებას ითხოვს. მოსახლეობა გონიოს ციხესთან შეიკრიბა და პარლამენტის დეპუტატს მურმან დუმბაძეს დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც გონიოში მცხოვრებლები აცხადებენ, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიწების დარეგისტრირებას დაპირდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს.
„ეს მიწები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგვიკანონა, შემდეგ გაგვიუქმდა, თითქოს შეცდომაში შევიდა პრეზიდენტი. წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" შეგვპირდა, რომ როგორც კი მოვიდოდა ხელისუფლებაში, მიწებს გაგვიფორმებდნენ. ჩვენ მეტი საარსებო წყარო არ გვაქვს და ვითხოვთ მიწების დაკანონებას", - აღნიშნა გონიოს ციხესთან მცხოვრებმა გული კახიძემ.
ადგილობრივი გურამ მიქელაძე კი აცხადებს, რომ თუ მთავრობა პრობლემას დროულად არ მოაგვარებს, მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავს.
„საბუთებიც შეაგროვეს და წაიღეს, არჩილ ხაბაძესთან დააკონსერვეს და პრობლემას არ აგვარებენ. ჩვენ ვამუშავებთ მიწას, კარტოფილი, ლობიო მოგვყავს. თითქმის 300 ოჯახს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ეს გამაფრთხილებელი აქციაა, მერე გზას გადავკეტავთ, მთავრობის სახლთან აქციებს გავმართავთ. ხალხი მშიერია, გვშია, შემოსავალი არ გვაქვს", - აღნიშნა გურამ მიქელაძემ.
აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, თუ მთავრობა ერთი კვირის ვადაში არ გადაწყვეტს საკითხს, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს გამართავს.
„მურმან დუმბაძემ და ავთანდილ ბერიძემ გონიოელებს სთხოვეს, მოგვეცით მანდატი და პრობლემას მოვაგვარებთო. ხალხისგან მიიღეს მანდატი, მაგრამ ისინი წავიდნენ და დაიკარგნენ", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)