reportiori.ge - მამა პეტრე (კოლხი): ტერენტი ის ბილიკია, გზა რომ მაპოვნინა ქრისტემდე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:22
ინტერვიუ
მამა პეტრე (კოლხი): ტერენტი ის ბილიკია, გზა რომ მაპოვნინა ქრისტემდე...
08 მარტი, 2014. 19:04


„მე ლექსები გამაფრენენ ცაზე, მე ლექსების სიხარული მომკლავს", როცა მის ცხოვრებაში პოეზიის მნიშვნელობაზე ეკითხები, ტერენტი გრანელის ამ სიტყვებით გპასუხობს.

ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარული სამშობლოს სიყვარულია და არა პოლიტიკა, რომ შემოქმედის დანიშნულება სწორედ ღვთისა და საკუთარი ქვეყნის მსახურებაა. ამიტომ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება,  პირდაპირობითა და პრინციპული პოზიციით გამოირჩევა.

„რეპორტიორი" სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზთან, პოეტ პეტრე კოლხთან (კვარაცხელია) ინტერვიუს გთავაზობთ.

 

 

- პირველი უშუალო შეხება პოეზიასთან... როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი?

- როგორც ფრანგი განმანათლებელი - ვოლტერი აღნიშნავს, პოეზია სულის მუსიკაა. ადამიანს ქვეცნობიერად დაბადებიდან აქვს მიდრეკილება მშვენიერებისადმი. პოეზიის, ზოგადად მწერლობის ენა ღთაებრივია და შორეულს შესახებს ხდის, უცხოს ახლობლად აქცევს, შეხვედრას საინტერესოს ხდის და შენს სათქმელს, რომელსაც თავისებური ნიჭი უნდა, სხვაში გაპოვნინებს. ისევ ტერენტი - ჩემი სულის დაუბერებელი პოეტი, ყოველთვის ახალი და თანამედროვე... პირველი ლექსიც მას მივუძღვენი:

ძვირფასო, დანებდი, მოეშვი ამ გრძნობებს,

ქარიან ღამეში იტირებს გიტარა.

წარსულიც გეყოფა, გახედე ცის შორეთს,

 მე მხოლოდ გაფრენა, სხვარა მინდა რა.

როიალს ატირებს საღამო ველური

და ბაღში დაეშვა ქალწულის გოდება,

სიკდილის აჩრდილი დაგეძებს წყეული,

მე გავექცე და ძებნაში მოკვდება.

ძვირფასო, გეყოფა ტკივილი, ცრემლისღვრა,

ოცნებებს გაუღე დახშული კარები,

უმთვრო საღამომ ძაძები ჩაიცვა,

 თეთრ ფიქრებს ამსხვრევენ ბებერი ქარები.

ძვირფასო, დანებდი, მოეშვი ამ გრძნობებს,

 ქარიან ღამეში იტირებს გიტარა,

 წარსულიც გეყოფა, გახედე ცის შორეთს,

მე მხოლოდ გარენა, სხვა არა მინდა რა..."

მახსოვს, ცამეტი წლის ვიყავი მაშინ და ისიც მახსოვს, პირველ ლექსს დიდხანს ვმალავდი ნაქურდალივით...

- დღეს, თქვენს ერთ ჩვეულებრივ დღეში რა ადგილი უჭირავს პოეზიას?

- როგორც ტერენტი იტყოდა - „მე ლექსები გამაფრენენ ცაზე, მე ლექსების სიხარული მომკლავს"... ყველა დღე ლოცვით და ლექსით იწყება. ბედნიერი ვარ, როცა საუკეთესო ლექსის გაცნობის სიამოვნება მელის. ამ ბოლო დროს იშვიათად მომწონს, მაგრამ მაინც ვივსები ნიჭიერი შემოქმედი ადამიანების ემოციური სტრიქონებით... „წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაპოეტის"...

- სასულიერო პირი და პოეტი ბრძანდებით, პროფესია ორივესთან მიმართებაშირასწორი, უხეში სიტყვაა. ალბათ, უფრო სულიერი მდგომარეობაა... ამდენად, გაცილებით მეტი ექნებათ საერთო, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს...

- იყო მოძღვარი, არ გამორიცხავს იმას, რომ იყო პოეტი... შეიძლება, არ წერდე, მაგრამ სასულიერო პირი, მისი ცხოვრების წესით ყველაზე დიდი შემოქმედია. პიროვნება, მისი არსით და მნიშვნელობით დაუწერელი ლექსია, პიროვნების გადარჩენაზე ზრუნვა კი, შეიძლება ითქვას, ლექსების კრებული... ხშირად მინახავს სასულიერო პირები, რომლებიც არ წერენ, მაგრამ ძალიან პოეტურები არიან. მით უფრო, როცა არც მღვდლობა და არც პოეტობა პროფესია არ არის...

- და სად არის მათ შორის კონფლიქტი, თუკი არის ასეთი?

- ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს - „ჭეშმარიტი პოეზია, პოეზიის ჩარჩოს მიღმა იწყება"... აი, ეს არის კონფლიქტი... სტანდარტების მსხვრევა და სიახლის შექმნა. ეს ახალი კი ღმერთს, ყველაზე დიდ შემოქმედს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ ძაფისხელა რკალია, დიდი ტალღის შემთხვევაში წყდება და იკარგება. „პირველად იყო სიტყვა"... იმ პირველი სიტყვით შეიქმნა ხილული თუ უხილავი სამყარო...

- საოცრად თავისუფლად, თამამად წერთ, რაც პირადად მე, როგორც პოეზიის მოყვარულს ძალიან მომწონს. თუმცა ვიცი, რომ ამის გამო ბევრი გაკრიტიკებთ, მათ შორის სასულიერო პირები...

- ყოველთვის ვწერ, რაც ჩემია ან სხვისიც არის, ოღონდ ჩემებურად დანახული. მიყვარს სარკმლიდან ფარული ყურება. ღია კარს გვერდს ავუვლი და დაგმანულ დარაბებს მივადგები... დაფარულში მეტი საიდუმლო და საინტერესო სიახლეებია. დანახვა ყველას არ შეუძლია, მხოლოდ პატარები ხედავენ. სულ ვცდილობ, ვიყო პატარა, სახარებისეული ბავშვი, რომლის შინაგანი სამყარო უფრო დიდია, ვიდრე მთელი პლანეტა... დიდები კი ყოველთვის ბრაზდებიან. ჰოდა, ჩემს შემთხვევაშიც ასეა... ფანჯარასთან, რომლის მიღმაც დიდი ადამიანები ბინადრობენ, ჯიუტად ვდგები და ფარდით იფარებიან. პატარები კი, ფარდის მიღმა უკეთესად ხედავენ... რასაც ვხედავ ან მსურს დავინახო, იმაზე ვწერ... ისე კი, თვალდახუჭული უკეთ ვამჩნევ...

- უწმინდესის დამოკიდებულებროგორია? თუ გისაუბრიათ მასთან თქვენი შემოქმედების შესახებ?

- „ჩემი, შენი, ჩვენი უწმინდესი, ღმერთო, შენ ხომ იცი, როგორ მიყვარს... მისაუბრია და არაერთხელ. ერთადერთი ადამიანია, ვისაც ბოლომდე ესმის ჩემი.ესმის უთქმელად, ჩუმად, კადრში თუ კადრს მიღმა, ტაძარში თუ სცენაზე, ლექსში თუ ლოცვაში. ის ძალიან დიდი ადამიანია და ალბათ, ამიტომ ესმის ასე, ესმის ამდენი... ის ჩემი საიმედო თავშესაფარია. ჩემი უწმინდესი წმინდა, უმანკო ცრემლისფერია, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვეხები, როცა ყველაზე მეტად მჭირდება... ის განივთებული სიყვარულია...

- მგონია, რომ მრევლთან ურთიერთობაშიც გამორჩეულად თავისუფალი იქნებით...

- ჩვენ ყველა უფლის ურჩი და ძნელად აღსაზრდელი მრევლი ვართ. მათ მეგობრებს უფრო დავარქმევდი. ყველა მათგანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და სასურველია. მე ისინი მტკივა, მიხარია, მეფიქრება, მედარდება, მელოცება, მედღესასწაულება, მეყველაფრება... ჩვენ ერთად ვიზრდებით, ისინი ჩემი სულის სამკაულებია, ყველაზე მბრწყინავი და კაშკაშა „თვლებით"...

- ხშირად ისმის ხოლმე, რომ ხელოვანები და სასულიერო პირები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. თქვენ ორივე გეხებათ. თქვენი პირადი პოზიცია როგორია? როდესაც საქმე შენს ქვეყანას, მის ინტერესებს ეხება, სად უნდა იდგეს ხელოვანი, რამდენად აქტიური უნდა იყოს?

- ერთი ქართველი პოეტი ამბობს - ხელმწიფის ნავში არ უნდა ჩაჯდეო. დიახ, იყო შემოქმედი, ნიშნავს ემსახურო ღმერთს, სამშობლოს - „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა"... სამშობლოს სიყვარული, არ მგონია, პოლიტიკა იყოს. ის თუ განსაცდელშია, ისე უნდა იმოქმედო, როგორც შეგიძლია და ყველაფერი გააკეთო ხვალინდელი დღისთვის. მრავალსაუკუნოვანი არსებობის მიუხედავად, ქართველი ერის პოლიტიკური თუ სულიერი კულტურა ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა. ძალიან გვიჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა. საზოგადოება ცინიზმით და ნიჰილიზმით არის დაავადებული. ეს კი პიროვნული კომპლექსების ბრალია. შორს ვარ ფსევდოპატრიოტიზმისგან, არ მომწონს ისიც, რომ ქართველებს მესიანისტურ უფლებებს ანიჭებენ და არც ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელით თავისმოწონება გადაგვარჩენს... მწერალ ჯემალ ქარჩხაძის სიტყვები მახსენდება:

მე არ ვიცი, არის თუ არა დღეს ჩვენს შორის ღვთისმშობლის მადლი და სიყვარული, მაგრამ, მოდით, ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა თავისი ქვეყნის ხილვა" მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ, ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან, იმ დროს როდესაც მათ გვერდით, ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან...

ნახავს სიხარბისგან სახედაკარგულ კაცუნებს, რომლებისთვისაც სიხარბე უკვე იმ ზომის იდეალისტური თვითმიზანია - რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და, რაკი რწმენის ორგანო ატროფირებული აქვთ, რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ, როგორც ფართალი, როგორც პოლიტიკა, როგორც სპილენძი, როგორც სინდისი, როგორც პოლიტიკა, როგორც მოყვასის ბედი.

წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება".

ერზე ზრუნვა ყველაზე მეტად სასულიერო პირს მოეთხოვება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებით!

- მახსენდება თქვენმიერ განსაკუთრებული პათოსითა და გულწრფელობით წაკითხული, ტარიელ ხარხელაურის ,,რძანე, მოძღვარო!".  დღეს რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? რა გაფიქრებთ?

- მაწუხებს ის, რომ დავით აღმაშენებლის პიროვნება მითოსს ემსგავსება. მაწუხებს ის, რომ გორგასლის და ბაგრატ მესამის ქვეყანაში ძალაგამოლეულ ქართველებს ვხედავ, რომლებიც მხოლოდ სახელით ინარჩუნებენ ვინაობას... „ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, - მაგრამ მაინც რღვეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფია ხოლმე ერთი რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თვისი ძლიერი ფრთა გაშალოს". ვაი, რომ ფრთამოტეხილები ვართ. დიახ, ბრძანე მოძღვარო...

- თანამედროვე პოეტებიდან ვის გამოარჩევთ და ზოგადად თანამედროვე პოეზიაზე, ლიტერატურაზე რას ფიქრობთ?

- ყველას და არავის. არ არსებობს პოეტი (თუ ის პოეტია); არ ჰქონდეს თუნდაც ერთი ლექსი „გამოსარჩლებად"... „ვისთვისაც მწერლობა პროფესია არ არის, მისთვის მთავარი ნაწარმოები ჯერ კიდევ წინაა"... სამწუხაროა ის, რომ ეპოქის, მკითხველის გემოვნების შესაფერისი ლიტერატურა იქმნება. მკითხველს არ უნდა მოერგოს წიგნი, წიგნს უნდა მოერგოს მკითხველი... ისეა გაზარმაცებული საზოგადოება, ტელესერიალის დონეზე დაწერილ ლიტერატურას ეძალებიან, რომელსაც დიდი აზროვნება და ჭკუის დატანება არ სჭირდება... ენში ხომ საუკეთესო ქართულსაც ბერძნულს ვუწოდებთ"...

- გამორჩეულად გიყვართ ტერენტი გრანელი...

- ჩემი ტერენტი მთელი ჩემი ბავშვობაა, რომელიც არ მქონია. მასავით მიყვარს თბილისი და მიტოვებული საფლავები, აქლემისფერი მიდამოები და კვირის წირვები, მდუმარე სამრეკლოები და როიალზე დასვენებული თეთრი ხელები... ტერენტი ის ბილიკია, გზა რომ მაპოვნინა ქრისტემდე...

- თქვენი გვარიკოლხი" პოეზიას დარჩება?

- მე ვთვლი, რომ რამდენიმე ლექსით უკვე დავრჩი...

- თქვენს საუკეთესო ლექსად რომელმიიჩნევთ?

- ,,პეტრე"...


და ბოლოს, თქვენი ბოლო ლექსებიდან ერთ-ერთს ,,რეპორტიორის" მკითხველს ხომ არ გააცნობდით?

 

დიდი სიამოვნებით:


ახლა იცი როგორ ვარ?

ახლა იცი რა მინდა?

ამ თავსხმაში შეხვედრა 

და მიზეზად მთაწმინდა.

მერე მთელი საღამო,

უმიზეზოდ ყიალი,

შიშობ არ დააღამო,

ფიქრი ოხერ-ტიალი

დაგვაშორებს ხვალამდე,

მერე იცი რა მინდა?

მიგაცილებ კარამდე,

ვიწყებ ისევ თავიდან.

გათენდება? და როდის,

დღე როგორი დადგება,

მზე შენიდან ამოდის,

და ჩემს გულში ჩადგება.

 

ახლა იცი რა მინდა?!."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016