„ცისფერყანწელთა“ ორდენის წევრთაგან ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი და, ამავე დროს, ყველაზე უფროსიც, ვინაიდან ყველაზე დიდხანს დაჰყო წუთისოფლად – კოლაუ ნადირაძე დაიბადა 1895 წლის 9 მარტს ქუთაისში. მამამისი იყო ცნობილი თვალის ექიმი გალაქტიონ ნადირაძე, რომელიც, სხვათა შორის, აკაკი წერეთელსაც მკურნალობდა.
ცხრა წლისა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. იქ დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს. ბავშვობიდანვე უშიშარი იყო. ათი წლისა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა, ვიქტორ ჰიუგოს გავროშივით იდგა ქუთაისის ბარიკადებზე თავისი მოკლე შარვლით, ხუჭუჭა თმითა და ხელში თეთრი, პატარა ნაჯახით. თანატოლებში ბადალი არ ჰყავდა კრივსა და ტანვარჯიშში. უშიშარი რომ იყო, ეს ღრმად მოხუცებულმაც დაამტკიცა, 1985 წელს გამოაქვეყნა ანტიბოლშევიკური ლექსი „25 თებერვალი. 1921 წელი“, რომელიც მეხივით გავარდა იმდროინდელი კომუნისტური საზოგადოების „მოწმენდილ“ ცაზე.
კლასიკური გიმნაზიიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა და 1912 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ გამოაქვეყნა 1916 წელს. პირველი წიგნი, რომელსაც „ბალდახინი“ ერქვა, 1920 წელს გამოსცა. სათაურებიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი სერიოზულად იყო „მოწამლული“ სიმბოლიზმის სენით: გაღიზიანება, მარტოობა, შიში და სხვა პოეტური ნევროზები. თუმცა მალე მიაგნო თავის ხმას, რომელიც სინატიფით, სინაზით, სითბოთი, სინათლითა და ამაღლებით გამოირჩევა. ეს არის ტკივილის, ფიქრისა და ოცნების ხმა, საგნებისა და ფერების მუსიკა, რომელიც საუკეთესოდ ჟღერს ლექსებში „ადაჟიო“, „ზღვასთან“, „ჩემს ბავშვებს“, „თამარის ხიდი“, „შემოდგომა იმერეთის სოფელში“, „ოცნება საქართველოზე“.
მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია.
გარდაიცვალა 1990 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)