ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი 2013“ გრძელდება. დღეს, ფესტივალის პროგრამის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა; მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები. საღამოს ექვს საათზე, მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით სამეგრელო და ქვემო ქართლის ანსამბლები და შემსრულებლები წარდგებიან. ხოლო ათი საათიდან ჯგუფები „რეგიონი“ და „ფრანი“ გააგრძელებენ გამოსვლებს. ხვალ ფესტივალი „არტ-გენი 2013“ ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, ფოთს, სვანეთსა და აფხაზეთს უმასპინძლებს. „არტ-გენის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფოტო-მასალა, გამოფენილი იქნება ქართული კალიგრაფიული ნიმუშები შესრულებული ქვაზე, ტყავზე, ქაღალდსა და ფაიფურზე. აფხაზეთიდან დევნილები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩენენ აფხაზეთის კულტურულ ტრადიციებს. ფესტივალზე აჟღერდება ქართული და აფხაზური სიმღერები, ხოლო საგანგებოდ გაშლილ სუფრაზე სტუმრებს აფხაზური ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცემათ. „არტ-გენის“ ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ეწვევა.