ცნობილი ქართველი მწერალი ლევან გოთუა დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პართენ გოთუას ოჯახში 1905 წლის 10 მარტს თბილისში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.
ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი" (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი „მითრიდატე", რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა.
ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა" (1944), „ხანძთის ზარი" (1945), „უგზო ქარავანი"(1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა" (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე" (1960), „ფრესკის მეორე დაბადება" (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე" (1942), „უძლეველნი" (1943), „დავით აღმაშენებელი" (1945), „სამსახეობა რაინდისა" (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.
აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.
გარდაიცვალა არმაზში და დაიკრძალა იქვე 1973 წლის თებერვალში. საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მცხეთის სამთავროს ეზოში გადაასვენეს 2005 წლის 15 დეკემბერს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)