მსოფლიო ვარსკვლავი კინომსახიობი შერონ სტოუნი 1958 წლის 10 მარტს მიდვილში, პენსილვანიაში დაიბადა. მსახიობი დღეს 56 წლის გახდა. მსახიობობამდე სტოუნი მანეკენად მუშაობდა, როდესაც იგი პარიზში იხილეს, პიერ კარდენის წამყვან მოდელად იქცა, რომელსაც ამ უკანასკნელმა „თეთრი ვარდი" უწოდა. 80-იანი წლების დასაწყისში სტოუნის ფოტოები ისეთი ჟურნალების გარეკანს ამშვენებდა, როგორებიცაა: „ვოგი", „ელი" და „პლეიბოი".
მისი კინოკარიერა დაიწყო 1980 წელს, როცა მან ვუდი ალენის ფილმში „ვარსკვლავური მტვრის მოგონებები" ითამაშა. შემდგომში იგი ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ისეთ ფილმებში, როგორიც იყო „პოლიციის აკადემია 4", „ჯექსონის ქმედება" და „სრული დაბნელება". „ძირითადი ინსტინქტის" შემდგომ, როდესაც მისი თავბრუდამხვევი კინოკარიერა დაიწყო და რისთვისაც პირველად იქნა წარდგენილი ოსკარზე, შერონ სტოუნს უმთავრესად ეროტიკულ თრილერებში იღებენ, ის 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული მსახიობი ქალი გახდა.
სუპერვარსკვლავად ქცეული სტოუნი ისეთი გრანდების გვერდით ჩნდება, როგორებიცაა რიჩარდ გირი, სილვესთერ სტალონე, უილიამ ბოლდუინი, რობერტ დე ნირო, იზაბელ აჯანი, კეთი ბეიტსი და დასტინ ჰოფმანი. მარტინ სკორსეზეს ფილმში „კაზინო" დიდებულად შესრულებული როლისათვის იგი „ოქროს გლობუსით" დააჯილდოვეს და „ოსკარზე" წარადგინეს.
1997 წელს სტოუნმა მთავარი როლი შეასრულა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „სფერო", რამაც კინოკრიტიკოსებსა და მაყურებელთა შორის მორიგი აღიარება მოუტანა. იმავე წელს სტოუნმა გაიცნო გაზეთ „ჩიკაგო ეგზაიმნერის" რედაქტორი ფილ ბრონშტეინი და ცოლად გაჰყვა. მათ 2003 წელს პატარა ბიჭი იშვილეს, ერთი წლის თავზე კი განქორწინდნენ.
დემი მურისა და ჯულია რობერტსის კვალდაკვალ სტოუნი მსხვილი ჰონორარებით გამოირჩევა ჰოლივუდში, მისი ერთ-ერთი ბოლო კინონამუშევრით, რომელსაც მაყურებელი 1992 წლიდან ელოდა, „ძირითადი ინსტინქტის" გაგრძელებაში (2006) შესრულებული როლით მან კოლოსალური თანხა 30 მილიონი დოლარი აიღო და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიოში ქალისთვის გადახდილი უმაღლესი ჰონორარით (მთელი 10 მლნ დოლარით გაუსწრო ჯულია რობერტსსა და დემი მურის).
შერონ სტოუნი ჰოლივუდში ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად მიიჩნევა, მისი ინტელექტის კოეფიციენტი 154-ს აღემატება, რითიც ალბერტ აინშტაინის იმავე მაჩვენებელს უტოლდება. რამდენიმე ჟურნალის გამოკითხვის თანხმად, შერონ სტოუნი მსოფლიოში ულამაზეს ქალად სახელდება.
1999 წლიდან შერონ სტოუნი მეტწილად ინტელექტუალური ხასიათის ფილმებში ჩნდება. „გლორიაში" განსახიერებულმა მთავარმა როლმა მას მორიგი „ოქროს გლობუსი" მოუტანა. ფილმისათვის „ძლევამოსილი" ის კიდევ ერთხელ იქნა „ოქროს გლობუსზე" წარდგენილი. 2000 წლის შემდეგ მან რადიკალურად შეცვალა შესრულების მანერა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 48 წლის ასაკში (2006 წელს) კვლავინდებურად შეუძლია სექს-დივას როლის გასახიერება.
სტოუნი თავისუფალ დროს, ძირითადად, შვილის აღზრდას, საქველმოქმედო საღამოების მოწყობას და მხატვრული ლიტერატურის კითხვას უთმობს. სტოუნი ხშირი სტუმარია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ტელეარხის თოქ-შოუებისა. 90-იანი წლებიდან შერონ სტოუნი ხშირი სტუმარია სილამაზის კონკურსებისა და ახალგაზრდა მსახიობთა მიერ მოწყობილი თეატრალური დადგმებისა. მსახიობი შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციას უდგას სათავეში და წელიწადში რამდენჯერმე აწყობს საქველმოქმედო საღამოებს აივ-ინფიცირებულთა დასახმარებლად თანხების მოზიდვის მიზნით.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)